რა ეშველება ლარს - კვირიკაშვილ-ხადურის რეცეპტი

  09:55:22     21-02-2015

ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები გუშინ ეკონომიკის სამინისტროში შეიკრიბნენ და ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ სამუშაო შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი დავით შავლიაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

"განვიხილეთ მიმდინარე ოპერატიული ინფორმაცია სავალუტო კურსთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე. ასევე გავიარეთ კაპიტალური დანახარჯების კუთხით ხარჯვის ოპერატიული ინფორმაცია.

ვიმსჯელეთ ასევე ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. ეს მსჯელობა გაგრძელდება ეკონომიკურ საბჭოში პრემიერის ხელმძღვანელობით და გადაწყვეტილებებს უახლოეს პერიოდში მივიღებთ. 
სიტუაცია მარტივი არ არის. ბევრი კომპონენტის შესრულებაა საჭირო იმისათვის, რომ ვითარება გამოსწორდეს.

შეთანხმებული ერთიანი სამოქმედო გეგმის პირობებში, ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უახლოეს პერიოდში ძალიან მარტივად ექვემდებარება გამოსწორებას. საჭიროა ერთიანი მუშაობა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდანაც", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა კვირიკაშვილმა. 

"ვფიქრობთ, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე განსაკუთრებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების ერთობლივი სინქრონული მუშაობით შესაძლებელი იქნება არსებული პრობლემების გადაწყვეტა", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ხადური. 

რატომ გაიმართა ეკონომიკური გუნდის შეხვედრა კვირიკაშვილთან და არა პრემიერთან და რატომ არ ესწრებოდა მას მთავრობის მეთაური, ირაკლი ღარიბაშვილი, ჩვენთვის უცნობია. თუმცა, როგორც ჩანს, ეჭვები კვირიკაშვილის გაპრემიერების შესახებ, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამყარდება.