
„რაც გააფუჭეს ორ წელიწადში, ვერ გამოსწორდება ორ თვეში“,- რომან გოცირიძე გაუფასურებულ ლარზე და მთავრობის ქმედებებზე
11:00:38     20-02-2015
პრესა.ჯი ლარის კურსის გაუფასურებით გამოწვეულ, მოსალოდნელ საფრთხეებზე, უკვე დაშვებულ შეცდომებზე და მთავრობის მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე და მინდინარე პროცესებზე ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს ესაუბრა.
„პრესა.ჯი“: რატომ არ გაამართლა ეროვნული ბანკის გეგმამ? და აქვე მთავრობის ეკონოიკური გუნდის როლს თუ ხედავთ მიმდინარე პროცესებში?
რომან გოცირიძე: სავალუტო ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სესხის აღების შესახებ განცხადება ნიშნავს, რომ:
1. ბიუჯეტი კვლავ არასწორად არის შედგენილი. ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებელი წყაროები არ არის რეალური. მისი ნაწილი საერთოდ არ შემოვა, ან საუკეთესო შემთხვევაში, კვლავ დეკემბრის ბოლოს ჩაირიცხება. ეს სესხები მიბმულია საქმეზე, რომელიც, როგორც წინა წლების გამოცდილებამ გვიჩვენა, ვერ კეთდება.
2. ამის გადაფარვა უნდა სავალუტო ფონდის თავისუფალი, ე. წ. Stand By კრედიტით, რომლის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით.
3.ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, ნაცვლად მისი აუცილებელი შემცირებისა. ( სულ მცირე, 300 მილიონი ლარით ხარჯების შეკვეცა).
4. ლარის კურსი სტაბილიზაციის მიზნით ამ ვალის აღება არის სიცრუე, რადგან ასეთი მიზნისათვის იგი უნდა აეღო ეროვნულ ბანკს და ეს ფული მიემართა აუცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის დასაფინანსებლად.
5. ბიუჯეტის მიღებიდან თვენახევარში მისი არარეალურობის მისაჩქმალავად ლარის მიმდინარე გაუფასურება გამოიყენება სესხის აღების გასამართლებლად.
საინტერესოა, რას იტყვის სავალუტო ფონდის მისია.
მისი ადგილობრივი წარმომადგენლობა კი არის ყველაზე პასიური, რაც კი ოდესმე ყოფილა საქართველოში.
- რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას ლარის გამყარებისთვის?
- როცა სვამთ კითხვას, რა უნდა გააკეთოსო მთავრობამ, პასუხი ძალიან მარტივია: არ უნდა გაეკეთებინა ის, რასაც ორი წლის განმავლობაში აკეთებდა. თითო- თითო, ნაბიჯ-ნაბიჯ, აუარესებდა საინვესტიციო გარემოს, მაკროეკონოკიკურ ვითარებას. გააუქმოს რაც გააკეთა და დაიწყება ჯანსაღი პროცესი. ამას უნდა დიდი დრო. რაც გააფუჭეს ორ წელიწადში, ვერ გამოსწორდება ორ თვეში.
- ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა, რას მოიტანს ეს ყველაფერი თქვენი აზრით? შეაჩერებს თუ არა იმ პროცესებს, რაც ახლა მიმდინარეობს?
- ბევრჯერ ითქვა, რომ ლარის დევალვაციის თავიდან აცილება მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალისხმევით შეუძლებელია. მარტო ექსპორტის კლებისა და გადმორიცხვების შემცირების შედეგად მხოლოდ იანვარში წარმოქმნილი ვალუტის დანაკლისის დასაბალანსებლად ას მილიონ დოლარზე მეტი გახდებოდა საჭირო, რომ არაფერი ვთქვათ ტურიზმისა და ვალუტის შემომტანი სხვა დარგების მუშაობის გაუარესებაზე. არა და წინ მრავალი თვეა და არც ეროვნული ბანკის რეზერვებია ულევი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელები ჩამოუშვას და თუნდაც იშვიათ ინტერვენციებს არ მიმართოს
მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანას მოქნილობა დააკარგვინა და გარე შოკებისაგან დაუცველი გახადა. ე.წ. საგარეო ფაქტორები მეტნაკლები ძალით ყოველთვის მოქმედებენ, მაგრამ სწორი სტრუქტურული ცვლილებები, ინსტიტუციონალური რეფორმები და ჯანსაღი ბიუჯეტი ქმნიან იმის წინაპირობას, რომ ამ ფაქტორების ზემოქმედება ნაკლებად დამაზიანებელი იყოს. ბევრი რამ გაფუჭდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს ვერ გამოსწორდება ორ თვეში. პირველ წელიწადს გაუაზრებელი სოციალური ხარჯები, ჭარბი სუბსიდირება და ტარიფების კორექტირება გადაიფარა წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტში დატოვებული იმ ნაშთებით, რომლებიც საგარეო ვალის გასტუმრებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ამან 2013 წლის ბოლოს ლარის დევალვაციაში იჩინა თავი. ეროვნულმა ბანკმა დეკემბერ-იანვრის თვეში 470 მილიონი დოლარის ინტერვენციები განახორციელა ლარის "დასაჭერად". ეს იყო ეროვნული ბანკის შეცდომა. არ მიეცა ლარს მოეხდინა კურსის კორექცია ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ეს იყო ახალი მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლით გამოწვეული, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას საბოტაჟში ადანაშაულებდა და გადადგომისაკენ მოუწოდებდა. მაშინ არავითარი საგარეო უარყოფითი ფაქტორი არ ყოფილა, თუმცა ლარის დევალვაცია ვერ იქნა თავიდან აცილებული და აღქმული გამაფრთხილებელ ნიშნად. ყველაფერი კი გამოწვეული იყო შეცვლილი ბიუჯეტისა და დერეგულირების პოლიტიკის ჩანაცვლებით რეგულირებით, შეზღუდვებით, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით, ახალ-ახალი ფონდებისა და სააგენტოების შექმნით, ე.წ. "წახალისებებით" და ლამაზი ტერმინებით შენიღბული სოციალური პოპულიზმის პოლიტიკით, რომელსაც "ინკლუზიური განვითარება" უწოდეს.
მეორე წელსაც იგივე გაგრძელდა, რასაც ბიუჯეტის არათანაბარზომიერი შესრულება და დეკემბრის თვის ბოლო დღეების დიდძალი ხარჯვებიც დაემატა. იზრდებოდა დეფიციტი საგარეო ფონის საგრძნობლად გაუარესების მიუხედავად. ახლა ორივე ნეგატიური ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს - საშინაოც და საგარეოც. საგარეოში განსაკუთრებით არასასიამოვნოა უცხოეთიდან მოქალაქეთა გადმორიცხვების საკმაო ოდენობით შემცირება, რაც მოსალოდნელია, რომ დიდხანს გაგრძელდება რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო.
ბიუჯეტიც და მთლიანი შიდა პროდუქტიც ზედმეტად ოპტიმისტურად არის დაგეგმილი და ეს კვლავ ცუდად იჩენს თავს წლის ბოლოს, როცა ხარჯვაში ტრადიციული ჩამორჩენა დაიწყება, რისი სიმპტომები უკვე აქედანვე ჩანს.
მთავრობა გულუბრყვილოდ აღიქვამს ლარის დევალვაციის პროცესს და სწორად ვერ აფასებს მოსალოდნელ შედეგებს. სამწუხაროდ, ეს აუცილებლად აისახება ბიზნესების დახურვის, ფასების ზრდის, უმუშევრობის მატების სახით. ამას ადასტურებს როგორც თეორია, ასევე საერთაშორისო პრაქტიკა. სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა. ახლა აუცილებელია ლარის გაუფასურების შეჩერება და იმ შეცდომების სწორად გაანალიზება, რაც იქნა წინა წლებში დაშვებული. მარტივი რეცეპტი ასეთია - ყველა მარეგულირებელი ნორმა და ბარიერი, რაც იქნა შემოღებული, უნდა გაუქმდეს. სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად ძნელიო, იტყვიან - სწორია, მაგრამ როცა აკეთებდნენ, მაშინ უნდა ეფიქრათ. საარჩევნო არარეალისტური დაპირებების თუნდაც ნაწილობრივ შესრულებას რა მოსდევს, კარგი გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. თუ მიხვდებიან, რა თქმა უნდა.
- როდის დასტაბილურდება ლარი იმ ნიშნულზე, რომ არ მივიღოთ ორნიშნა ინფლაცია?
- ეროვნული ბანკი უნდა იყოს მზად სესხებზე რეფინანსირების განაკვეთის მომდევნო მატებისათვის. ეროვნულმა ბანკმა ფრთხილად, მაგრამ მაინც უნდა განახორციელოს ზომიერი ინტერვენციები განსაკუთრებული რყევების შემთხვევაში. წლის ბოლომდე დაახლოებით, 200-300 მილონი დოლარის ფარგლებში. ნაწილი - თებერვალ-აპრილის, ნაწილი - ნოემბერ-დეკემბრის თვეში. მთავრობამ უნდა შეამციროს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლიურ 3%-მდე და შეკვეცოს ბიუჯეტის ხარჯები 250-350 მილიონი ლარის ოდენობით. მთავრობა არ უნდა გაებას "ზაფხულის მახეში". სეზონურმა შესაძლო სტაბილიზაციამ არ უნდა შეუქმნას ილუზია და არ უნდა მიეცეს თვითდამშვიდებას. თუ ეს არ გაკეთდა, მერე მომავალ დეკემბერ-იანვარში სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით.
- ექსპერტთა ნაწილი პასუხისმგებლობას ეკონომიკურ გუნდს აკისრებს, ოპოზიცია მათ პარლამენტში იბარებს...
- მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური გუნდი სუსტია, არ იქნება სწორი მთელი პასუხისმგებლობა მათ დავაკისროთ. მთავრობა არის მთლიანად პასუხისმგებელი. ვიზები ეკონომიკურ გუნდს არ შემოუღია. ის არარეალისტური მიდგომები, რაც ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ხდებოდა, არც ესაა ეკონომიკური გუნდის ცოდვა.
ენერგეტიკა საერთოდ კრიზისშია. სახელმწიფოსმიერ გაზის ტურბინის მონტაჟის გარდა თითქმის გაჩერებულია საინვესტიციო აქტივობა. ამაში დენის ტარიფის კორექტირების წვლილიცა. თუმცა ტარიფებით მანიპულაცია უფრო მაკროეკონომიკურ გარემოს აუარესებს. რაც საბოლოოდ ლარის დევალვაციაში აისახა.
გაზის და დენის, ისევე როგორც სხვა ტარიფები აუცილებლად გაიზრდება. რაც მეტი იქნება პოპულისტური მიდგომა, მით უფრო დიდი ზომით და მძიმე შედეგებით მოხდება მისი ზრდა.
არავის უფიქრია იმაზე, რა მოსდევს ასეთ სოციალ-პოპულისტურ-მასუბსიდირებელ ბიუჯეტს. ის სიკეთე, რაც ხალხმა მიიღო ერთი ხელით, მეორეთი, ლარის გაუფასურებით, უფრო მეტად დაკარგა.
არაჯანსაღი საბიუჯეტო მხარდაჭერა ან ზარალით მთავრდება, ან სხვის ხარჯზე. როგორც წესი, ეს დაბალშემოსავლიანთა ზურგზე გადაივლის ხოლმე პირველ რიგში.