სატყეო დეპარტმენტის თავჯდომარის მოადგილე დააკავეს?- რას ამბობენ საგამოძიებო ორგანოები

  15:54:15     13-02-2015

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ორ მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ბრალდებით,  შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ყოფილი მთავარი ბუღალტერი, ამჟამად სატყეო დეპარტმენტის თავჯდომარის მოადგილე თამარ ფხოველიშვილი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  თამარ ფხოველიშვილი სარფის საბაჟოზე დააკავეს.

„პრესა.ჯი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შეეცადა. სამივე უწყებაში გვითხრეს, რომ თამარ ფხოველიშვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

გარემოს დაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე თამარ ფხოველიშვილი არ მუშაობს.

რამდენიმე წუთის წინ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 2014 წლის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს.

თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ ინფორმაციას დააკავეს თუ არა, წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი.

„ფინანსური და ბუღალტრული ანალიზისას, დაფიქსირდა გარკვეული შეუსაბამობები, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

სამინისტრომ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლა საქმე და, შემდგომი რეაგირებისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება და მის დასრულებამდე ამ თემასთან დაკავშირებით, რაიმე ტიპის განცხადების გაკეთება მხოლოდ გამოძიების პროცესზე ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს", - აცხადებენ სამინისტროში.