რატომ დააკავეს სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების დირექტორი?

  14:09:46     11-02-2015

„მიმდინარე წლის 1 იანვარს, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების დირექტორმა გიორგი ელიზბარაშვილმა დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება მიანიჭა გარკვეულ პატიმრებს, რომლებმაც ამავე დაწესებულებაში განთავსებულ გიორგი მილაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ“,- ამის შესახებ „პრესა.ჯი“-ს დაკავებული ელიზბარაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა.

ელიზბარაშვილი
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით უკვე დააკავეს.

„პრესა.ჯი“: როდის დააკავეს სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების ყოფილი დირექტორი?

ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ წუთებში მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. დაკავებულს ბრალს დღის მეორე ნახევარში ოფიციალურად წარუდგენენ.

- რას ედავება გამოძიება დაკავებულს?

- ელიზბარაშვილის დაკავების შესახებ განჩინებაში მითითებულია, რომ მას სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვარს, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების დირექტორმა გიორგი ელიზბარაშვილმა დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება მიანიჭა გარკვეულ პატიმრებს, რომლებმაც ამავე დაწესებულებაში განთავსებული პატიმარი აწამეს.

- აღიარებს თუ არა ელიზბარაშვილი დანაშაულს?

- არა, ის ბრალდებას არ აღიარებს. დანაშაულის დროს, ის ციხეში არ იმყოფებოდა.

N17 დაწესებულების დირექტორის დაკავების ფაქტს ოფიციალურად ადასტურებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, , საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 01 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მოხდა ინციდენტი.

კერძოდ, ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა მხრიდან ასევე მსჯავრდებულზე ძალადობის შემთხვევას.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში მოთავსებული 7 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ისინი პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიეცნენ.

„მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია და პასუხისგებაში მიეცა N17 დაწესებულების დირექტორი. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 332-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“,- აღნიშნეს სამინისტროში.