ღარიბაშვილი: პოლიციელის სიცოცხლე დამნაშავეობასთან ბრძოლას შეეწირა
13:33:13     10-02-2015
კიდევ ერთხელ უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა ქართველი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს",- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
"გიორგი ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს, იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პატრულირების დროს დაიღუპა. მისი სიცოცხლე დამნაშავეობასთან ბრძოლას შეეწირა.
პატივს მივაგებ მის ხსოვნას, რომელმაც ღირსეულად მოიხადა ვალი თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
38 წლის შალვა აბულაძემ, რომელიც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია, მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, პოლიციის თანამშრომლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი მძიმედ დაჭრა.
ბერუაშვილი გონს მოუსვლელად 6 თებერვალს გარდაიცვალა.
შს სამინისტროს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ დაუკავებია.
"მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა",- აღნიშნავენ შს სამინისტროში.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ფლობენ აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, მიმართონ პოლიციას.