19 წლის გოგონას პოლიციის თანამშრომლის ცოლი დაეჯახა?
16:05:25     09-02-2015
ქუთაისში, სამი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი, 19 წლის ნანა გიგლემიანის ახლობლებმა, აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, პოლიციამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, ნამდვილი დამნაშავე კი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
მათი ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელიც 19 წლის ნანა გიგლემიანს დაეჯახა ქალი მართავდა, რომლის მეუღლეც პოლიციის თანამშრომელია.
„დამნაშავეს ხელს აფარებენ, რადგან ის პოლიციის თანამშრომლის ცოლია“,- აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.
გარდაცვლილის ახლობლები იმ ვიდეოჩანაწერების ამოღებასაც ითხოვენ, რომელიც სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.
როგორც დღეს აქციაზე ითქვა, მიცვალებულს მანამ არ დაკრძალავენ, სანამ ნამდვილ დამნაშავეს არ იპოვნიან.
„პრესა.ჯი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“,- განგვიცხადეს შს სამინისტროში.
რაც შეეხება გარდაცვლილი ნანას ოჯახის ბრალდებას, რომ რეალური დანმაშავე პოლიციის თანამშრომლის ცოლია. უწყებაში არ ადასტურებენ.
„ეს ინფორმაცია არ შესსაბამება სიმართლეს, ამ დროსითვის მსგავსი არაფერი იკვეთება. დანიშნულია ექსპერტიზები და დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი“,- თქვეს სამინისტროში.