"ძალადობას პერსპექტივა არ აქვს"

  10:34:18     13-07-2010

[დალი ბჟალავა]
რა შედეგები შეიძლება მოიტანოს საქართველოსთვის ჰილარი ქლინტონის მიერ თბილისში გახმიანებულმა გზავნილებმა, როგორ შეიძლება აისახოს ის საერთაშორისო პოლიტიკაზე, უნდა ველოდეთ თუ არა ტერმინის - “ოკუპაცია” უკვე ევროკავშირის მიერ გამოყენებასაც და რას შეცვლის აშშ-ის ტონის გამკაცრება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში – პრესა.გე ”სტრატეგიული კვლევების ცენტრის” დირექტორს, ექსპერტს საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი?
- ვიზიტი რა თქმა უნდა მეტად მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რომელიც ახლა აქვს საქართველოს, როგორც საგარეო ისე შიდაპოლიტიკურ სცენაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი ქლინთონის მიერ გახმიანებული ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი გამოხატული კიდევ ერთი მხარდაჭერა, რომელიც ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო იყო.

ამ ვიზიტამდე ხშირად საუბრობდნენ, რომ ამერიკა საქართველოს მიმართ პასიური გახდა...
- არ შეიძლება ხელაღებით ითქვას, რომ აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსადმი პასიური გახდა, ან პირიქით აქტიური, რადგან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა იმდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის, რომ ყოველდღიურ კონიუნქტურას ასე მარტივად არ ექვემდებარება.

რაც შეეხება კონკრეტულ გზავნილებს, რომელიც ჰილარი ქლინთონმა გააკეთა როგორ აისახება მათი ნაწილი საერთაშორისო ურთიერთობებზე, ნაწილის შიდა პოლიტიკაზე?
- ვიზიტის პერიოდში გაკეთდა რამდენიმე განცხადება, რომელიც იყო გზავნილი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას არ სცნობს, ის რაც ხდება, მისი ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტია და აშშ-ი რუსეთისგან მოითხოვს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს.

ვიდრე თეთრი სახლი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე დაიწყებდა საუბარს, მანამდე იყო საკმაოდ დიდი პაუზა, ეს რამ განაპირობა?
- ამ შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რუსეთზე ზეწოლის გამკაცრებისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯია. საქმე ეხება დიალოგს, რომელიც ამ თემაზე აშშ-რუსეთს შორის 2008 წლიდან მიმდინარეობს.

ჩანს ამერიკის შეერთებული შტატები შემდგომ ნაბიჯს დგამს, რათა მოხერხდეს ზეგავლენის მოხდენა პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც, სამწუხაროდ ჯერჯერობით რაიმე საიმედოს არ გვაჩვენებს.

ქლინთონის ვიზიტსა და განცხადებებზე მოსკოვის რეაქცია, იგივე პუტინის განცხადებები რამდენად ადეკვატური იყო?
- მსოფლიო საზოგადოება მეტად კარგად იცნობს რუსეთის და მისი ხელმძღვანელობის პოზიციას, განსაკუთრებით ბატონ პუტინის და ასეთი განცხადებები არ გაუკვირდება. ქალბატონი სახელმწიფო მდივნის განცხადებას მოსკოვის მხრიდან მოჰყვა სწორედ ის რეაქცია, რომელიც მოსალოდნელი იყო. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო კიდევ ერთ გარემოებას, რომელიც ჩვენს პრესაში ჯერჯერობით არ განხილულა, ეს გახლავთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც მათ ქალბატონი ქლინთონის ვიზიტის პასუხად გაავრცელეს.

რას გულისხმობთ?
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არასწორად აფასებს სიტუაციას, რუსეთის შეიარაღებული ძალები აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არიან არა როგორც ოკუპანტები, არამედ იქ იმყოფებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შეთანხმების საფუძველზე. ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში მხოლოდ მათ მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს გულისხმობენ. ხატოვნად რომ ვთქვათ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის “პოლიტგანათლების” სემინარის ჩატარებას ცდილობს.

ვიზიტისას ჰილარი ქლინთონმა იმაზეც მიუთითა, რომ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა როგორღაც უნდა დარეგულირდეს...
- ეს ბუნებრივია. ეს არის პოზიცია, რომელსაც როგორც აშშ, ისე ევროპის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ორმხრივი კონტაქტებისას, ასევე ევროკავშირის, ნატოს, ეუთოს საერთო პოზიციის შემუშავებისას, ხაზგასმით აფიქსირებს. ყველა აღნიშნავს, რომ ძალადობას პერსპექტივა არ აქვს, პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს და თბილისმა ამ მიმართულებით უნდა იფიქროს. ეს ის რეკომენდაციაა, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს და შეასრულოს.

მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ოფიციალურად გამოიყენა ტერმინი ოკუპაცია, შესაძლოა ეს ევროკავშირმაც დააფიქსიროს?
- ვნახოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და დაველეოდოთ რეაქციებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური უწყების მიერ გაცხადებული დამოკიდებულება სულ მალე საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო პოზიცია გახდება.

აღნიშნეთ, რომ ამ ტერმინის შემოტანა ნიშნავს აშშ-ს პოზიციების გამკაცრებას. ეს მოსკოვს უფრო ხომ არ გააღიზიანებს?
- მოსკოვის რეაქცია უკვე სახეზეა. იგივე ბატონი პუტინის განცხადება. ის შედარებით მშვიდობიანი ფორმის იყო, თუმცა მასში ნამდვილად იკითხებოდა გაღიზიანება, რომელიც ვიზიტმა და თბილისში გაკეთებულმა განცხადებებმა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში გამოიწვია. თუმცა, აშშ-სთან გაღიზიანებული ტონით საუბარი არც რუსეთის ინტერესებშია.

აქედან გამომდინარე, მოსკოვს ვაშინგტონის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. არ მაქვს ილუზია, რომ ეს საქართველოს პრობლემების სასწრაფოდ მოგვარებაში გამოიხატება, რადგან პროცესი რთული და ხანგრძლივია. თუმცა, ის, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგა, უდაოდ პოზიტიური განვითარებაა.

რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის გზავნილების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკას შეეხებოდა?
- ვიზიტისას დადასტურდა, რომ თეთრი სახლი საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას საკმაოდ ობიექტურად აფასებს. ეს ნათელი გახდება თუნდაც მაშინ, თვალს თუ გადაავლებთ ვის შეხვდა ქალბატონი სახელმწიფო მდივანი.

ოპოზიციის ნაწილმა ამ შეხვედრას შერჩევითი და ხელისუფლების მიერ მიწოდებული უწოდა...
- გამიჭირდება დავეთანხმო შეფასებას, რომ სუბიექტები ხელისუფლების მიერ იყო შერჩეული, რადგან ამერიკული მხარე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. არ ვიცი ვის მიერ იყო რეკომენდირებული, რატომ და როგორ, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ ამ შემთხვევაში ასე სჯობდა. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილთან ცალკე შეხვედრის ფაქტს, ეს თავისთავდ ნიშნავს, რომ აშშ თანამშრომლობს არა ხელისუფლებასთან, არამედ საქართველოსთან, როგორც ქვეყანასთან.

თუმცა, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თეთრი სახლი სწორედ მათთან თანამშრომლობს და არა საქართველოსთან.
- თქვენც კარგად გესმით, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალსა საკუთარი დღის წერიგი აქვს და ცდილობს შეასრულოს.