"გარემოვაჭრე ქალი საკუთარ სახლში გაგუდეს"- რას ამბობს შსს?

  12:59:12     06-02-2015

ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, თბილისში ბანანით მოვაჭრე ქალი მოკლეს. ქალი  საკუთარ სახლში  გაგუდეს, ბინიდან კი ფული და ოქროს სამკაულები წაიღეს.

გარდაცვლილის მეგობრები  სამართალდამცავებისგან საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ, სხვა შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

 გავრცელებულ ინფორმაციას,  არ ადასტურებს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი.  

" ეს ვერსია ამ ეტაპზე არ დასტურდება! ეს ქალბატონი სახლში ნახეს გარდაცვილი, დანიშნულია ექსპერტიზა რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი, არც მძარცველების იქ ყოფნა დასტურდება! მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გაირკვევა მომხდარის მიზეზი",- აღნიშნავს ის. 

გიორგობიანისგან განსხვავებული ინფორმაცია აქვთ გარდაცვლილი ლელა ავლოხაშვილის კოლეგებს. 

მათი ინფორმაციით, ქალბატონი  წუხელ ჯერ გაქურდეს, შემდეგ კი - გაგუდეს.

"სახის მარჯვენა მხარე გაწითლებული ჰქონდა.  მისმა ქმარმა დარეკა და გვითხრა, რომ სახლში გარდაცვლილი იპოვა", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

შემთხვევა გოგოლის ქუჩაზე მოხდა.