ირაკლი ფირცხალავა - ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა

  14:28:28     04-02-2015

ე.წ კორტების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე,  ბრალდებულმა, ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ პროკურორებს პოლიციელები კი არა კრიმინალები აინტერესებთ.

ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა, ის ვაჟკაცურად შეეწირა ამ ბიჭებს, - განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე  ირაკლი ფირცხალავამ. 

მისი თქმით, პროკურატურის მთელ სტრუქტურას ურჩევნია "ის ორი გარდაცვლილი", რომელიც სპეცოპერაციას შეეწირა. 

"მთელმა თბილისმა იცის, რომ ხუბულოვს სოდ-ისთვის არაფერი უთქვამს და ჩემი ძმა მე თვითონ დავაკავე. მან მოიხადა მოსახდელი და ახლა ღირსეული მოქალაქე და მამაა. მთელს სტრუქტურას ის ორი გარდაცვლილი მირჩევნია, ვაჟკაცურად შეეწირნენ ამ ბიჭებს. ხუბულოვი ვაჟკაცი ბიჭი იყო", - განაცხადა ფირცხალავამ. 

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელი ლევან ბეროძე კი  აცხადებს, რომ "იყო მინიშნებები, რომ მას რამე ეთქვა" , რის სანაცვლოდაც ის თავისუფალი იქნებოდა

„იყო მინიშნებები, რამე მეთქვა და გარეთ ვიქნებოდი. ვიღაცაზე ხელის დადებას მირცევნია აქ ვიჯდე“,-განაცხადა ბეროძემ სასამართლოში. 

ე.წ კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და კიდევ 10 პირია დაკავებული

პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. კორტების სპეცოპერაციით, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ მისი ძმის დაკავებაზე შური იძია.

"სპეცოპერაციის ჩატარებას წინ უსწრებდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ფირცხალავას პირადი დაინტერესება ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ, ასევე იმ პერიოდში სამართალდამცავ ორგანოებში დამკვიდრებული დანაშაულთან ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობის და კრიმინალთან ბრძოლისათვის სასტიკი მეთოდების პროპაგანდა, რაც გულისხმობდა წინასწარ "დამნაშავედ" მონათლული პირების ლიკვიდაციას. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2006 წლის 7 აპრილს, სოდ-ის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა.
აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, მის დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის. 
მისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით, შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე. 
ირაკლი ფირცხალავას დანაშაულებრივი გეგმით, იგი შსს სხვა მაღალი თანადებობის პირებთან ერთად შეიმუშავებდა ალექსანდრე ხუბულოვის მიერ ყაჩაღობის მომზადების სცენარს და დანაშაულთან ბრძოლის საქვეყნოდ გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში, ,,წარმატებული" სპეცოპერაციის ფორმით მოახდენდა ალექსანდრე ხუბულოვის ლიკვიდაციას, რითაც იგი ერთი მხრივ შურს იძიებდა ალექსანდრე ხუბულოვზე, რომელმაც ამხილა მისი ძმა ნარკოტიკებთან კავშირში, ხოლო მეორე მხრივ ეს სპეცოპერაცია მას და მის თანამზრახველებს დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯის დაუმკვიდრებდა", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.