ელენე თევდორაძე ლევან გაბუნიას "პრესა.ჯი"-სთან პასუხობს

  13:10:47     04-02-2015

2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია, მისი შვილის მკვლელობაზე მომხდარიდან 12 წლის თავზე კვლავ საუბრობს და აცხადებს, რომ 2002 წელს მოქალაქე ბექა პაპუაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილმა და მისმა მეგობრებმა მოკლეს, რისი მოწმეც მისი შვილი იყო. შვილმკვდარი მამა აცხადებს, რომ 21 წლის გიორგი გაბუნია ვაზაგაშვილმა ერთი წლის შემდეგ მოიშორა.

ამასთან ლევან გაბუნია ამბობს, რომ ზურა ვაზაგაშვილის მამამ,  იური ვაზაგაშვილმა ბექა პაპუაშვილის მკვლელობის გამო დაკავებული შვილისა და მისი მეგობრების თავისუფლების სანაცვლოდ 70 ათასი დოლარი გადაიხადა.

" ბექა პაპუაშვილის მკვლელობაზე გამოძიება მაშინვე დაიწყო, იმ დღესვე იყო დაკავებული ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები. მაგრამ იმ დღესვე გაუშვეს, რადგან იური ვაზაგაშვილმა გადაუხადა 70 ათასი დოლარი ვაკე-საბურთალოს პროკურატურას, ამაზე საუბრობდა ყველა გამომძიებელი, ვისაც ჩემი შვილის საქმე ჰქონდა. გამომძიებლებსა და ვაზაგაშვილს შორის შუამავალი იყო და ზურაბ ვაზაგაშვილის გათავისუფლებაზე დიდი როლი ითამაშა ელენე თევდორაძის დახასიათებამ და რეკომენდაციამ. ასევე იმ დროისთვის თუ არ ვცდები, საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსის ჩარევამ. არსებობს ელენე თევდორაძის რეკომენდაცია და ალბათ, მანაც მიიღო რაღაც", - განაცხადა გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამამ გუშინ, სამ თებერვალს სატელევიზიო ინტერვიუს დროს.

„პრესა.ჯი“ დაინტერესდა გასცა თუ არა დადებითი რეკომენდაცია ელენე თევდორაძემ ზურაბ ვაზაგაშვილზე და შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ესაუბრა. 

 - 2003 წელს მოკლული ახალგაზრდას მამა აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის გათავისუფლებაზე დიდი როლი ითამაშა თქვენმა დახასიათებამ და რეკომენდაციამ?

ელენე თევდორაძე: დახასიათებას ვერ გავცემდი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე რეკომენდაციებს არ ვწერდი.  ეს ჩემი  საქმე არ იყო. გარდა ამისა  ზურა ვაზაგაშვილს საერთოდ არ ვიცნობდი.

თუ მაგალითად ავიღებთ, ჩემი შეწყალების კომისიაში ყოფნის პერიოდს, აქაც ვიტყვი, რომ 18 წლის განმავლობაში მე მკვლელობისთვის გასამართლებული პირების გათავისუფლებაზე ხმა არასდროს მიმიცია. 

- ლევან გაბუნია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა 2002 წელს იური ვაზაგაშვილისგან თანხა აგეღოთ...

- იური ვაზაგაშვილი გავიცანი 2006 წელს როდესაც ე.წ. კორტების სპეცოპერაცია - ტრაგედია მოხდა. მეუღლესთან ერთად იყო ჩემთან მიღებაზე, მთხოვდა დახმარებას, რომ გამოძიებაში როგორც მხარე ისე ყოფილიყვნენ. მაშინ მივედი ადეიშვილთან, და დავარწმუნე, რომ მხარე ყოფილიყვნენ გამოძიების პერიოდში, მაშინ ადეიშვილი დამთანხმდა მხოლოდ დედა ეცნოთ მხარედ.

- მომართვაც არ ყოფილა თქვენს მიმართ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით? 

-    შეიძლება მართლა იყო რაღაც განცხადება 2002 წელს გაბუნიების მხრიდან. თუმცა  მე არ მახსოვს არანაირი მიმართვა ვაზაგაშვილებთან დაკავშირებით. რომც ყოფილიყო ასეთი მომართვა, მე მხოლოდ შემეძლო მიმემართა  პროკურატურისთვის, რომ გამოძიება ყოფილიყო სამართლიანი და კანონიერი. მეტი არაფერი. მე სხვა  უფლება არ მქონდა.  2002 წელს პარლამენტის რიგითი დეპუტატი ვიყავი. როცა გამოვეყავით „მოქალაქეთა კავშირს“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დავტოვე და რიგითი დეპუტატი ვიყავი.