ლევან გაბუნია: ვაზაგაშვილმა შვილი მომიკლა, იური ვაზაგაშვილი კრიმინალი იყო

  08:58:50     04-02-2015

"ვაზაგაშვილმა შვილი მომიკლა, იური ვაზაგაშვილი კრიმინალი იყო. მიმიფურთხებია იმ თბილისელისა და პოლიტიკოსისთვის, რომლებიც იურა ვაზაგაშვილს და მის შვილს გმირებად შერაცხავს ...",- ეს განცხადება 12 წლის წინ მოკლული  გიორგი გაბუნიას მამამ ლევან გაბუნიამ,  გადაცემა "არჩევანში" საუბრისას გააკეთა. 

 "კრიმინალი იყო, ყაჩაღი და ბანდიტი. იურა ვაზაგაშვილიც კრიმინალი იყო, ეს ჩემთვის შემდეგ გახდა ცნობილი. თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, რას საქმიანობდა ის "ჯაზუში". ნარკოტიკები იყიდებოდა, "სუბუტექსის" პირველი შემომტანი იყო. ასე რომ, პოლიტიზირებულია საქმეები, რომლებიც პოლიტიკოსებს სჭირდებთ. მიმიფურთხებია იმ თბილისელისთვის და იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც იურა ვაზაგაშვილს და მის შვილს გმირებად შერაცხავს. ყველაფერს ნათელი მაშინ მოეფინება, როდესაც ჩემი შვილი და პაპუაშვილის მკვლელობის საქმე საბოლოოდ დასრულდება", - განაცხადა გარდაცვლილის მამამ. 

მისი თქმით, "2002 წელს ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად მოკლა ბექა პაპუაშვილი, რომლის მოწმე იყო მისი შვილი.

"წლისთავზე, ჩემი შვილი, როგორც მოწმე მოიშორა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. მან მაშინვე, 2002 წელს არ აგო პასუხი პაპუაშვილის მკვლელობაზე, მაგრამ 2003 წელს უკვე "ვარდების რევოლუცია" მოხდა, მთავრობა შეიცვალა და იმის შიშით, რომ ახალ მთავრობას შეიძლება გამოეძიებინა ეს საქმე, მოწმე მოიშორეს", - აღნიშნა ლევან გაბუნიამ. 

მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილმა ვაკე-საბურთალოს პროკურატურას 70 000 დოლარი გადაუხადა. ლევან გაბუნიას თქმით, მტკიცებულება არ აქვს, თუმცა ეს ინფორმაცია მას მისი შვილის საქმის გამომძიებლებმა მიაწოდეს.

"ვარდების რევოლუციის შემდეგ მოიშორეს მოწმე იმის შიშით, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში არ მომხდარიყო გამოძიება. გამოძიება ბექა პაპუაშვილის მკვლელობაზე მაშინვე დაიწყო, იმ დღესვე იყო დაკავებული ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები. მაგრამ იმ დღესვე გაუშვეს, რადგან იური ვაზაგაშვილმა გადაუხადა 70 ათასი დოლარი ვაკე-საბურთალოს პროკურატურას, ამაზე საუბრობდა ყველა გამომძიებელი, ვისაც ჩემი შვილის საქმე ჰქონდა. გამომძიებლებსა და ვაზაგაშვილს შორის შუამავალი იყო და ზურაბ ვაზაგაშვილის გათავისუფლებაზე დიდი როლი ითამაშა ელენე თევდორაძის დახასიათებამ და რეკომენდაციამ. ასევე იმ დროისთვის თუ არ ვცდები, საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსის ჩარევამ. არსებობს ელენე თევდორაძის რეკომენდაცია და ალბათ, მანაც მიიღო რაღაც", - განაცხადა გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამამ. 

ლევან გაბუნიას სკანდალურ განცხადებას გუშინვე უპასუხა  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელიამ.

"თქვენს მაგივრად მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო შეურაცხყოფილი, ნატკენი, როდესაც კიდევ ერთხელ ვისმენდითუმძიმეს განცხადებებს თქვენს მიერ მოწვეული ერთ-ერთი სტუმრის მიერ. არ ვიცი, მერამდენედ მოუკლეს ზურა ვაზაგაშვილი მის დედას და მერამდენედ მოკლეს იური ვაზაგაშვილი. არსებობს ზღვარი, სადაც უნდა გადიოდეს გამოხატვის თავისუფლება და გარკვეული მორალური კატეგორიები უნდა ბოჭავდეს მედიას, არ შეიძლება ყველაფერის დაშვება და იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ვისმენდით. ყველაფერს აქვს თავისი მორალური მიჯნა, არ შეიძლება ყველაფერი ითქვას", - განაცხადა ბესელიამ.