პატიმარი სასამართლო დარბაზიდან გაიპარა

  12:36:20     03-02-2015

შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 წლის ბრალდებულს  ეძებს, რომელიც პოლიციას სასამართლო დარბაზიდან გაეპარა. ფატქი "პრესა.ჯი"-ს უწყებაში დაუდასტურეს.  

"ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები გაქცეული პატიმრის დაკავების მიზნით. ამასთან  შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების ბრალეულობის დადგენის მიზნით, პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს",- აცხადებენ შს სამინისტროში. 

 პატიმარი სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი 21 წლის დიმა ხაჩიაშვილია, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული.

შემთხვევა გუშინ, 2 თებერვალს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდრე მოსამართლე პოლიციას განჩინებას გადასცემდა, პოლიციის თანამშრომლებმა პატიმარი სასამართლო დარბაზში, რკინის გისოსში ჩაკეტეს, გასაღები კი იქვე მაგიდაზე დადეს პატიმარმა გასაღების აღება, გისოსის კარის გახსნა და ფანჯრის გავლით გაპარვა მოახერხა. სასამართლო დარბაზში დაბრუნებულ პოლიციის თანამშრომლებს პატიმარი გაქცეული  დახვდათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაქცეული პატიმარი  დაკავებული იყო  სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა  სოფელ ველისციხეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი.

რაც შეეხება სასამართლოს პოზიციას, გურჯაანის სასამართლო პატიმრის გაპარვაზე  პასუხისმგებლობას არ იღებს. მათი არგუმენტი ასეთია: პატიმარი იმ დროს გაიპარა, როდესაც იგი ბრალმდებლის, ამ შემთხვევაში პოლიციის დაქვემდებარებაში იყო.