ბიძამ არასრულწლოვანი დისშვილი გააუპატიურა, რას ყვებიან სამტრედიაში?

  12:09:55     02-02-2015

მიმდინარე წლის 31 იანვარს სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანი დისშვილის გაუპატიურება ედება.

როგორც სამტრედიაში ამბობენ, სტუმრად მყოფ 14 წლის გოგონას ბიძა სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა.

როგორც დაზარალებულის ბებიამ განაცხადა, არასრულწლოვანმა საკუთარი ბიძის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე ორი წლის შემდეგ გაამხილა.

„2 წელი მალავდა ბავშვი ამ ფაქტს, იმიტომ რომ ეშინოდა... საკუთარი ბიძა, სიმართლის გამჟღავნების შემთხვევაში,ოჯახის წევრების დახოცვით ემუქრებოდა“,- აცხადებს ქალბატონი.

სამტრედიაში მომხდარი საზარელი ფაქტის შესახებ საუბარი უჭირთ ადგილობრივებსაც.

როგორც რაიონის მკვიდრი ნ.კ „პრესა.ჯი“-ს უყვება, გოგონამ ფაქტის შესახებ მანდატურს გაუმხილა, თავის მხრივ მანდატურმა კი სამართალდამცავებს მიმართა.

„დეტალები არ ვიცი, საუბრობენ, რომ ბიძა 2 წლის განმავლობაში გოგონას აიძულებდა სექსუალური კავშირის დამყარებას. მუქარის ქვეშ იყო თურმე საწყალი ბავშვი, თუ იტყვი ოჯახს ამოგიხოცავო, რაც შეეხება ბავშვის დაორსულების საკითხს, როგორც ვიცი ამას ოჯახი არ ადასტურებს“,- ამბობს სამტრედიაში მცხოვრები მოქალაქე, რომელსაც ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა.

გოგონას გაუპატიურების შესახებ ინფრმაციას ფლობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიან ცხვერია, თუმცა ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

„ძალიან სენსიტიური საკითხია, მაქვს ინფორმაცია მომხდარის შესახებ თუცა ეს ინფორმაცია არის ზოგადი ამიტომ ჯობია შს სამინისტროს მიმართოთ“,- ამბობს ჩვენთან საუბრისას გამგებელი.

ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ შაბათს, სამტრედიაში მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დააკავეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.