15:47:24     30-01-2015
ექსპერტი: ბიზნესისთვის ფული ძვირდება, თუმცა, ეკონომიკური პროცესების დასასტაბილურებლად სხვა გამოსავალი არ არის

მომავალი კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იწყება, ამასობაში კი ლარი კრიტიკულ ნიშნულსაც გადასცდა, ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენციებიც შეინიშნება.
დააგვიანა თუ არა მთავრობამ? - ამის გარკვევას „პრესა.ჯი“ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი, ლევან კალანდაძესთან შეეცადა.
„პრესა.ჯი“:საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომდევნო კვირიდან დაიწყება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება...
ლევან კალანდაძე: ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არის სწორი გადაწყვეტილება. რეალურად სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამ გზით პირველ ეტაპზე ლარის ვარდნა უნდა შეჩერდეს. შემდეგი ეტაპია თუ როგორ მოვახდინოთ ლარის კურსის დასტაბილურება და გამყარება.
- რა შემთხვევაში იქნება ეფექტური ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება?
- ეფექტური შესაძლებელია იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული ინსტრუმენტები და ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ხარჯვითი პოლიტიკა იქნება სინქრონიზებული. მთავარია, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული მუშაობა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იქნას მიღებული მოკლევადიან პერიოდში ეფექტი ლარის კურსის ვარდნის შეჩერებისა. მერე გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ვიფიქროთ, თუ რამდენად შესაძლებელია და რა ინსტრუმენტების გამოყენებითაა შესაძლებელი ლარის კურსის გამყარება. დღეს პრობლემა და მთავარი გამოწვევა ლარის ვარდნის შეჩერებაა და ეს როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით, ისე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხარჯვითი პოლიტიკის შემცირებაში უნდა გამოიხატოს. ფინანსთა სამინისტრომ დეფიციტურ ხარჯვაზე უარი უნდა თქვას, რაც ნიშნავს, რომ ხარჯები მაქსიმალურად უნდა შეამციროს და დახარჯოს მხოლოდ იმდენი, რამდენიც შემოსავლის სახით აქვს.
- როგორ აისახება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ბიზნესგარემოზე?
-ასეთ შემთხვევაში ბიზნესისთვის ფული ძვირდება. თუმცა იმისთვის, ეკონომიკური პროცესები მეტნაკლებად დასტაბილურდეს, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. სამწუხაროდ, საზოგადოებამაც და ბიზნესმაც ფულისა და ბიზნესის გაძვირებით პასუხი უნდა ვაგოთ მთავრობის შეცდომებზე. ეს არის ერთგვარი სახადი, რასაც ჩვენ ვიხდით მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე.
-ხედავთ თუ არა, თქვენ მთავრობის ეკონომუკური გუნდის ბრალეულობას ლარის ასე გაუფასურებაში?
- ხელისუფლებას, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ჩვენ დიდი ხანია ვაფრთხილებდით, რომ ლართან დაკავშირებული დევალვაციის ინფლაციურ რისკებში გადაზრდის საფრთხე რეალური და ძალიან დიდი იყო. ყოველთვის ვამბობდით, რომ განსაკუთრებული აქცენტირება ხელისუფლებას სწორედ მონეტარული პოლიტიკის, მონეტარული სტაბილურობის პოლიტიკის გატარებაზე უნდა გაკეთებინა, თუმცა ხელისუფლებამ დაიგვიანა.
ხელისუფლება ჯიუტად აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია, ფასების ზრდის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამ რეალობისგან გაქცევის მცდელობამ ლოგიკური შედეგი გამოიღო ლარის დევალვირებისა და ინფლაციური პროცესების სტიმულირების კუთხით.
0