ეროვნული ბანკი მომდევნო კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იწყებს, ქვეყანაში ინფლაციის საშიშროებაა

  12:29:41     30-01-2015

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, ინფლაციური პროცესი ფასების ზრდაში გადაიზაროდს. 

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით  მომდევნო კვირიდან დაიწყება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

"გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს",- თქვა ქადაგიძემ. 

მისი თქმით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით საგანგაშო ნიშნულს აღწევს, არის პროდუქტების გაძვირების საფრთხე. 

გიორგი ქადაგიძე: "ამ პროცესით ძალიან ზარალობენ მოქალაქეები, ვისაც ვალდებებულები აქვს დოლარში და შემოსავლები ლარში, ლარის კურსის გაუფასურება აუარესებს მათ მდგომარეობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფისკალური ნაწილი, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება დაბალანსებული ან უკეთეს შემთხვევაში - პროფიციტური. იმ გამოწვევების  ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში,  იმ რიცხვების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, აუცილებელია, დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით, შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, ანუ ახალი გეგმის გაკეთება იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს  იმ გამოწვევს, რაც არის დღეს ქვეყანაში".