რა ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურას მამუკა არეშიძემ და რა უთხრა „პრესა.ჯი“-ს ექსპერტმა?
14:50:23     28-01-2015
ექსპერტი მამუკა არეშიძე დღეს გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურაში დაკითხეს.
ცნობისთვის, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია, საქართველო-თურქეთის საზღვრის მეშვეობით უკვე დატოვა.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ მკვლელობის შემკვეთები, ეს ის სიტუაციაა, როცა ზუსტად შემკვეთებისგან, მათი ზედმეტი აქტიურობისაგან და მათი დატოვებული კვალისაგან გაიხსნება ეს საქმე“,- განაცხადა არეშიძერმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც "პრესა.ჯი"-ს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ამ განცხადების შემდეგ ექსპერტს პროკურატურაში კითხვები დაუსვეს. უწყებაში ექსპერტის დაკითხვის შესახებ დამატებით კითხვებზე ამ ეტაპზე არ პასუხობენ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის მიმდინარეობაზე გაგვცეს პასუხი.
ჩვენ დაკითხვიდან გამოსული მამუკა არეშიძე ჩავწერეთ.
„პრესა.ჯი“: როგორც ვიცით, პროკურატურაში დაგიბარეს და დღეს გაკეთბული განცხადების შესახებ კითხვები დაგისვეს...
- ამ ინფორმაციას გიდასტურებთ, ახლახან გამოვედი პროკურატურიდან.
- ძალიან სკანდალური იყო თქვენი განცხადება და ალბათ ყველა ელოდა პროკურატურის მიერ თქვენ დაკითხვას...
- დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემს განცხადებაში მტკიცებითი ფორმა არ იყო, ჟურნალისტმა მკითხა თუ ვფლობდი ინფორმაციას, რომ სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა, რაც დაუდასტურე. რადგან ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანმა ნამდვილად დატოვა საქართველოს საზღვარი.
- თქვენთვის სავარაუდო მკვლელის კონკრეტული სახელი და გვარი ცნობილია?
-არა... ვიცი რომ მან საქართველოს ტერიტორია, საქართველო-თურქეთის საზღვრის მეშვეობით უკვე დატოვა.
- როდის დატოვა?
- არ არის ჩემთვის ცნობილი...
- იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ძალოვანების კვალი იკვეთბა?
- ჩემი მოსაზრებით, მკვლელობაში ძალოვანების მონაწილეობის კვალი იკვეთება, – ყოფილის თუ ახლანდელის, ამას მე ნამდვილად ვერ გეტყვით.
- გაქვთ თუ არა იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნის მოლოდინი...
- ჩემი ღრმა რწმენით, იური ვაზაგაშვილის საქმე გაიხსნება. საქმეს ნათელი სწორედ შემკვეთებზე გასვლით მოეფინება.