მძიმედ დაჭრილია ორი პოლიციელი - სროლები ლიკანში

  03:40:28     25-01-2015

ლიკანში ორი პოლიციელი დაჭრეს.  არსებული მონაცემებით, ეჭვმიტანილია ვინმე შალვა აბულაძე, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. 

ის წარსულში ნასამართლევია და ციხე, სავარაუდოდ, შეწყალების შედეგად დატოვა.

"მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად. 

თუ ფლობთ აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას, მიმართეთ პოლიციის განყოფილებას ან დარეკეთ 112-ზე," - აცხადებენ შსს-ში.
დაჭრილი პოლიციელების მდგომარეობა მძიმეა.