რას ერჩიან ზვიაგინცევს? ოსკარის ნომინანტი რუსი რეჟისორი სამშობლოში მოღალატედ გამოაცხადეს

  00:40:31     22-01-2015

ზაზა ურუშაძის ფილმის, "მანდარინების" ოსკარზე წარდგენა საქართველოშიც და ესტონეთშიც ერთნაირად იზეიმეს. მანამდე ქართულ-ესტონური ფილმი ესტონეთის სახელით "ოქროს გლობუსზეც" იყო წარდგენილი, თუმცა საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში რუსი რეჟისორის, ანდრე ზვიაგინცევის "ლევიაფანმა" გაიმარჯვა. ამის შემდეგ ზვიაგინცევის ფილმი ბრიტანელ კრიტიკოსთა რჩეული გახდა, მოგვიანებით კი ის ოსკარზეც იქნა წარდგენილი.

საქართველოსა და ესტონეთისგან განსხვავებით, მოსკოვს რუსული კინემატოგრაფის ამ გამარჯვებაზე რეაქცია არ ჰქონია, რის გამოც "ოქროს გლობუსის" რეჟისორი რუსეთის ხელისუფლებას გაუნაწყენდა. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ქსენია სობჩაკისთვის მიცემულ ინტერვიუში ზვიაგინცევი აცხადებდა, რომ პრესტიჟული კინოპრიზის მიღება მისთვის ოფიციალური პირებიდან არავის მიულოცავს.

"ეს არის რუსული კინოს უდიდესი გამარჯვება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს მოვლენა რუსეთის წამყვან არხებზე ფართოდ შუქდებოდეს, მისთვის განსაკუთრებული ყურადღება არავის მიუქცევია. გინდათ დაიჯერეთ, გინდათ არა, მაგრამ ჩემთვის ოფიციალური პირებიდან ეს გამარჯვება არავის მოულოცავს,"-ირწმუნებოდა ზვიაგინცევი, თუმცა დასავლეთის მიერ აღიარებულ რეჟისორს სამშობლოში მხოლოდ უყურადღებობა არ აკმარეს და მოღალატედაც კი შერაცხეს.

რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა სერგეი მარკოვმა ანდრეი ზვიაგინცევს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ზვიაგინცევი ფილმში რუსულ რეალობას კატასტროფულად წარმოაჩენს და რუსების გენოციდის იდეოლოგიას ქადაგებს.

"ფილმის სიუჟეტით, რუსეთში ადამიანების ცხოვრება ისეთი საშინელია, რომ მათთვის სიცოცხლის წართმევა დიდ ცოდვად არც შეიძლება ჩაითვალოს. ის რუს ხალხს ადამიანურ სახეს უკარგავს, რითაც პრაქტიკულად გენოციდს გვიწყობს. ზვაგინცევის ადგილას მე ფილმს გაქირავებიდან საერთოდ ამოვიღებდი, მივიდოდი წითელ მოედანზე, დავიჩოქებდი და პატიებას ვითხოვდი,"-აღნიშნა მარკოვმა.

ანალოგიური განცხადება ცოტა ხნის წინ კომუნისტთა ლიდერმა გენადი ზიუგანოვმაც გააკეთა, რომელმაც ზვიაგინცევი ანტიეროვნული ფილმის გადაღებაში დაადანაშაულა.

კრიტიკისა და მუქარის ქარცეცხლში საერთაშორისო აღიარების შემდეგ მხოლოდ ზვიაგინცევი არ მოხვედრილა. "ანტირუსული იდეოლოგიისთვის" გადამღები ჯგუფის წევრებსაც "მოხვდათ." ერთ-ერთი პირველი, ვისაც თავს თანამემამულეების რისხვა დაატყდა, მთავარი როლის შემსრულებელი, სამარის დრამის თეატრის რეჟისორი ვალერი გრიშკო იყო. სამარელმა დეპუტატებმა და კაზაკებმა გრიშკო რუსეთის ხელისუფლებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის "გამასხარავებაში" დაადანაშაულეს. კულტურის სამინისტროში გაგზავნილ ერთობლივ წერილში "ლევიაფანი" რუსული კინემატოგრაფიის სამარცხვინო ლაქად არის მოხსენიებული, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობასა და მართლმადიდებლურ რელიგიას უთხრის ძირს. ამასთან, წერილის ავტორები მსახიობ გრიშკოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას და იმის გარკვევას მოითხოვენ, თუ რატომ ცხოვრობს მსახიობი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და რატომ იღებს ხელისუფლებისგან პრეფერენციებს.

თანამოქალაქეების მხრიდან თავდასხმას მსახიობი სოციალური ქსელებით უკვე გამოეხმაურა. "ლევიაფანი ცოცხალია და გამარჯვებებს ზეიმობს,"-წერს გრიშკო.

მსახიობსა და რეჟისორს სოლიდარობას "ლევიაფანის" გადამღები ჯგუფი უცხადებს. ანდრეი ზვიაგინცევმა მის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგგოვება უკვე დაიწყო და გრიშკოს იურიდიული დახმარებაც შესთავაზა. პარალელურად კი სამშობლოში არაღიარებული რეჟისორი ახალი გამარჯვებების მოლოდინშია. კინოკრიტიკოსთა შეფასებით, "ლევიაფანი" უცხოური ფილმების ნომინაციაში ოსკარის ყველაზე რეალური პრეტენდენტია, არსებული პოლიტიკური რეალობის ფონზე კი კრემლის მიერ არაღიარება ფილმს ამერიკულ კინოფურუმზე გამარჯვების შანსს კიდევ უფრო უზრდის.