50 ლარის გამო მომხდარი მკვლელობა – რა მოხდა შაშიანში?

  12:09:33     05-01-2015

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მომხდარი მკვლელობის მიზეზი 50-ლარიანი ვალი გახდა. როგორც „პრესა.ჯი“-ს სოფლის რწმუნებულმა ნიკოლოზ მღებრიშვილმა განუცხადა, მოკლულს ეჭვმიტანილის 50 ლარი ვალი ჰქონდა.

რწმუნებულის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მეზობელი სოფლის, კალაურის მკვიდრია და მოკლულის მსგავსად პროფილაქტიკაში მუშაობდა.

მისი თქმით, მკვლელობა წუხელ გვიან ღამით დაახლოებით 24:00 საათზე მოხდა. ავთანდილ ქართლელიშვილს საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ის სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

- როდის მოხდა მკვლელობა და რა სახელდება დანაშაულის მოტივად?

რწმუნებული: გვიან ღამით, დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე. მოტივს რაც შეეხება, ჩემი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ვალი გახდა, საუბარია 50 ლარზე. რომელიც ქართლელიშვილს მეზობელ სოფელ კალაურში მცხოვრები პირისთვის ემართა. მკვლელობა მოკლულის საცხოვრებელი სახლთან ახლოს მოხდა, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მკვლელობას შეესწრო გარდაცვლილის შვილი და ერთი მეზობელი, რომლებიც ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან არიან დაჭრილი.

-იყო თუ არა ეჭვმიტანილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ?

-ეს დეტალები არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს. 

-როგორია დაჭრილების მდგომარეობა?

-ორივე მათგანი გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.

„პრესა.ჯი“ გურჯაანის საავადმყოფოსაც დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ პირებს, რომლებთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. ამ ეტაპისთვის კი მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. მკვლელობაში ბრალდებული კი დაკავებული, სისხლის სამართლის საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.