ბობ დილანის პირველი კონცერტი ჩინეთში
10:59:43     08-03-2011
ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი, პირველად თავისი კარიერის მანძილზე, კონცერტს ჩინეთში გამართავს. ამის შესახებ “ფრანს პრესი” იტყობინება.
პირველი გამოსვლა 6 აპრილს ჩატარდება პეკინში, ხოლო მეორე - 8 აპრილს შანხაიში. შოუზე ბილეთები შემდეგი კვირიდან გაიყიდება და 42 დოლარი ეღირება.
მომღერალი, რომლის შემოქმედებაშიც მრავლადაა პოლიტიკური და საპროტესტო შინაარსის სიმღერები, გასულ წელსაც ცდილობდა ჩინეთში კონცერტის ჩატარების უფლების მოპოვებას, თუმცა უშედეგოდ. მაშინ ქვეყნის ხელისუფლებამ დილანს უარი განუცხადა, ისე რომ, ჩინოვნიკებმა უარის მიზეზიც კი არ დაასახელეს.
თუმცა, ცნობილია, რომ ჩინეთის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს უცხოელი შემსრულებლების გასტროლებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც 2008 წელს, ბიორკმა ჩინეთში გამართულ კონცერტზე, სცენიდან ტიბეტის თავისუფლების შესახებ მოწოდებები გააკეთა. მაშინ ქვეყნის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მომღერალმა ჩინელი ხალხის გრძნობები შეურაცხყო.