ვინ დააკავეს მთაწმინდაზე არასრულწლოვნების დაჭრის ბრალდებით?

  21:50:32     25-12-2014

"შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო 1990 წელს დაბადებული გიორგი კ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებული ნიკოლოზ კ. მუცლის არეში, ხოლო 1998 წელს დაბადებული გიორგი კ. ფეხის არეში ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბ. და გიორგი კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება გიორგი ბ-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო გიორგი კ-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე და 120-ე მუხლებით)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ ჯერ კიდევ დილით, პრესა.ჯი" ამ დაჭრის შესახებ წერდა. "კრიმინალური ფაქტი მოხდა მთაწმინდაზე. მოზარდებმა, ფიზიკური დაპირისპირების დროს,  ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს. საკმაოდ მძიმედ არის დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი. 

მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. რაც შეეხება მეორე არასრულწოლოვანს, ის შედარებით მსუბუქად, ფეხის არეშია დაჭრილი.

დაჭრა გუშინ, მთაწმინდაზე, ალ. ჭავჭავაძისა და ზუბალაშვილების კუთხეში მოხდა. დაზარალებულები 14-15 წლის მოზარდები არიან", - წერდა "პრესა.ჯი".