რა ხდება პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით და რატომ დაიხურა კომიტეტის სხდომა?
17:40:52     23-12-2014
20 დეკემბერს გაკეთებული ხმაურიანი განცხადების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი მედიის წინაშე დღეს პირველად გამოჩნდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე პარლამენტში მივიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
გოჩა რატიანს თავდაცვის სამინისტროს სკანდალურ განცხადებასა და მინდია ჯანელიძის უწყებაში მიმდინარე პროცესებზე მოუწია განმარტების გაკეთება.
„მომხდართან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტრომ ამომწურავი განცხადება გააკეთა. უწყების მიერ განიმარტა ყველა ძირითადი მომენტი“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან.
თუმცა კითხვა ვინ დაწერა ქართველი სამხედროს დაღუპვის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს განცხადება, უპასუხოდ დატოვა. ასევე უპასუხოდ დარჩა შემდეგი კითხვები:
რატომ არ იცნობდა მინდია ჯანელიძე იმ განცხადების შინაარსს, რომელიც უწყებამ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომარზე გაავრცელა და რატომ გამოქვეყნდა ტექსტი სამინისტროს ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე?
„ამ საკითხზე უკვე ილაპარაკა თავდაცვის მინისტის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა“,- განაცხადა გოჩა რატიანმა.
დისკუსია პარლამენტის საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაგრძელდა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.
სხდომას რიგითი მოქალაქის სტატუსით დაესწრო ნაიცონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელმაც „პრესა.ჯი“-ს უთხრა, რომ პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოადგილისთვის გოჩა რატიანისთვის კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: "თავდაცვის სამინისტროს ყოველი მომდევნო განცხადება, რომელიც 20 დეკემბერს მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიზეზებს განმარტავს, უფრო და უფრო სამარცხვინო ხდება.
სხდომა ჩემი კითხვის დასმის სურვილის შემდეგ დაუხურა. ის, რომ უმრავლესობამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა დახურა და ჟურნალისტებს და არადეპუტატებს აქ ყოფნის შესაძლებლობა არ მოგვეცა, მეტყველებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამარცხვინო განცხადებაზე მმართველი გუნდი სრულად იღებს პასუხისმგებლობას.
ხელისუფლება მოწოდებულია არა იმისკენ, რომ დაიცვას ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი. ხელისუფლება მოწოდებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად ასიამოვნოს ვლადიმერ პუტინს და ბიძინა ივანიშვილს.
ჩვენი მოთხოვნა, რომ თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს ძალაში რჩება“.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ თავი უნდა დაანებოს პროვოკაციებსა და შავ პიარს, რომლის აგორებასაც ოპოზიცია თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ცდილობს“.
შეგახსენებთ რომ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა. უწყებამ განაცხადა რომ წინა ხელისუფლების წამრომადგენლები მოუწოდებენ ქართველ ჯარისკაცებს სხვადასხვა შეთავაზების სანაცვლოდ „სხვის ომში“ იბრძოლონ.
საზოგადოების რეაქციის შემდეგ, თავდაცვის სმაინისტრომ განცხადება საიტიდან წაშალა. უწყებამ, საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკის შემდეგ ბოდიშიც მოიხადა.