უნდა დადგეს თუ არა, თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი?

  14:17:32     22-12-2014

მინდია ჯანელიძე, რომლის უწყებამ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვაში ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა ბოლო ორი დღეა დუმს. თუმცა, ჯერ კიდევ გუშინ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო მინიშნებები იმის შესახებ რომ ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში სხვადასხვა შეთავაზების სანაცვლოდ იბრძვიან.  

"თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში" - ეწერა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით საიტიდან წაიშალა, ხოლო სამინისტროში განაცხადეს რომ "ეს არ იყო ოფიციალური პოზიცია". მეტიც, სამინისტრომ ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. თუმცა, დუმს მინისტრი...


მინისტრისგან განსხვავებით, ბოლო 24 საათია შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში ოპოზიციასა და საზოგადოებაში.

„ნაციონალური მოძრაობა დარწმუნებულია, რომ განცხადება, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, მომზადდა არა ძალოვან უწყებაში, არამედ მთავრობის ადმინსტრაციაში.

,,ორი დღის წინ საზოგადოებამ იხილა უკრაინაში ქართველი სამხედროს გმირულად დაღუპვის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ყოვლად უღირსი და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო განცხადება. თავდაცვის სამინისტროს შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ჯარს, ქართულ სახელმწიფოს და ყველა იმ ქართველს ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის უკრანისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. 

გუშინ ასევე ვიხილეთ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების აბსურდული და უტიფარი განცხადები იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება თურმე ტექნიკური შეცდომა იყო და განცხადების ერთადერთი შეცდომა მასში პოლიტიკური კონტექსტის არსებობა იყო. მათ შორის ვიხილეთ უღირსი მცდელობა სამინისტროს რიგით თანამშრომლებზე გადაბრალების. ერთადერთი ვის ინტერესშიც ასეთი განცხადების ნახვა იყო და ვინც ამ განცხადებას გამოიყენებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ პუტინის რუსეთი. 

ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს განცადება არ მომზადებულა თავადაცვის სამინისტროში მომზადდა მთავარობის კანცელარიაში და შემდეგ დაიდო თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. აქედან გამომდინარე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს, შემდეგ ღარიბაშვილს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ თუ თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები თანამდებობას არ დატოვებენ, ეს იქნება ღია დეკლარირება იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებში მიმდინარეობს რუსული სპეცსამსახურების აქტიური პენეტრაცია ყოფილი და მოქმედი პრემიერის ხელმძღვანელობით.

მინდია ჯანელიძის თანამდებობიდან დაუყოვნებელი მოხსნის ინიციატივით გამოდის საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.

როგორც „პრესა.ჯი“-ს დავითაიამ განუცხადა, თავდაცვის მინისტრმა გავრცელებული განცხადებით, დაუშვა როგორც პოლიტიკური ასევე ზნეობრივი და მორალური შეცდომა.

„თავდაცვის მინისტრმა შეურაცხყოფა მიაყენა ყველა იმ მებრძოლს , რომელიც საქართველოს სახელით ქვეყნის ინტერესბის დასაცავად იბრძოდა. ჩვენ გვყავს საერთო მტერი რუსეთის სახით, როდესაც უკრაინელი ხალხი ჩვენს გვერდით იდგა აფხაზეთში და დღეს ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ეს ხდება დასაძრახი და საუბარია იმაზე, რომ თითქოსდა ვიღაცა მათ გზაკვალს ურევს, ეს სრული აბსურდია. 

ეს არის შეურაცხყოფა ყველა იმ მეომარის, რომელიც იბრძოდა საქართველოს ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, ყველა იმ მეომრის, რომელიც საქართველოს სახელით იცავდა სხვა ქვეყნის ინტერესებს და ამას აღიქვამდა , როგორც საქართველოს ინტერესების დაცვას. ამიტომ ვფიქრობ,რომ აუცილებლად უნდა დადგეს თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“,- აცხადებს პაატა დავითაია.

თავდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავჯდომარე ირაკლი ჩიქოვანიც.

"განცხადებები, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში კეთდებოდა, არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ მძიმე მოსასმენი საზოგადოებისთვის და ამისთვის პასუხისმგებელი პირები უნდა არსებობდნენ. მე ვერ ვიტყოდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ეფარებიან პრესსამსახურს, არიან სწორი და ზუსტი მაგალითი იმ 30 ათასამდე ქართველი ჯარისკაცისათვის, რომელიც დღეს ემსახურება დღეს ჩვენს ქვეყანას,“ - მიიჩნევს ირაკლი ჩიქოვანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით კი დაწყობილ, დავარცხნილ ქვეყანაში მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა უპრიანი იქნებოდა.

"ისეთ ქვეყნებში, სადაც არსებობს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, მართვის კულტურა, ტრადიციები, შეუძლებელია ასეთი რამ მოხდეს, რადგან ასეთი რამის უფლებას საკუთარ თავს არავინ მისცემს. ასეთ სახელმწიფოებში ასეთი შინაარსის განცხადება მინისტრის, მისი მიადგილეების გარეშე უბრალოდ ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ თუ მოხდებოდა და ასეთი ტიპის განცხადება ხელმძღვანელი პირების გარეშე გაკეთდებოდა, ბუნებრივია, დადგებოდა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“,- ამბობს უმრავლესობის წარმომადგენელი.

მისი თქმით, თუკი განცხადება მინისტრის უკითხავად გაკეთდა, ეს მინისტრის სისუსტის მაჩვენებელია.

არ არის გამორიცხული, რომ მინდია ჯანელიძის გადადგომის მოთხოვნით აქცები გაიმართოს.

გუშინ კი თავადცვის სამინისტროს განცხადება მოქალაქეებმა უწყების წინ შეძახილებით გააპროტესტეს.

„თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება სახელმწიფო ინტერესებისთვის სამარცხვინოა და საფრთხის შემცველი. მსგავსი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.

სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება კი, რომელიც ალექსანდრეს გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას წინა ხელისუფლებას აკისრებს, ნათლად მიუთითებს უწყების პოლიტიზირებულობაზე“,- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.