საახალწლო საცივი - გამოცდილი რეცეპტი

  00:49:47     22-12-2014

ინგრედიენტები: ინდაური ან ქათამი 2 კგ ნიგოზი 500 გ ნიორი 5-7 კბილი ხმელი სუნელი 1 ჩ.კ ხმელი ქინძი, დაფქული 1 ჩ.კ ყვითელი ყვავილი 1 ჩ.კ ცხარე წიწაკა, წითელი მარილი ხახვი 1 თავი
შეარჩიეთ თეთრი, ცხიმიანი ნიგოზი.  სანელებლების რაოდენობა შეგიძლიათ თქვენს გემოვნებას მოარგოთ.
ინდაური ჯერ მოხარშეთ, შემდეგ  შეწვით ღუმელში და არა ტაფაზე.  საჭირო რაოდენობის ბულიონი გაწურეთ. სანამ ინდაური იწვება, მოამზადეთ ნიგოზი.

ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში წვრილ ბადეში ორჯერ ან ბლენდერში დაფქვით. მასთან ერთად გაატარეთ ნიორიც. დაამატეთ სუნელები და ხელით კარგად დაზილეთ. ხარისხიან, ცხიმიან ნიგოზს მალევე გამოუვა ზეთი. გადაინახეთ ეს ზეთი ცალკე ჭურჭელში.

ხახვი წვრილად დაჭერით და ბულიონის ცხიმში მოშუშეთ. დამუშავებულ ნიგოზს დაასხით მდუღარე ბულიონი  და კარგად გახსენით სასურველი სისქის მიღებამდე. მასა უნდა იყოს კეფირის სისქის, ხოლო გაციების შემდეგ კიდევ ჩასქელდება. დაამატეთ მოშუშულ ხახვს და ან დააბლენდერეთ ერთგვაროვანი სტრუქტურის მისაღებად, ან საცერში გაატარეთ, რათა ხახვი და ნიგვზის მსხვილი ნაწილები არ მიჰყვეს. გემოვნებით დაამატეთ მარილი და წიწაკა.
ეს მასა ჯერ ოთახის ტემპერატურაზე გაგრილეთ, შემდეგ ჩაალაგეთ მასში ინდაურის ნაჭრები და შედგით მაცივარში მინიმუმ 4-5 საათი. სუფრაზე მიტანის წინ მოასხით გამოწურული ზეთი.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!