გმირი ქართველი ჯარისკაცი - ალეკო გრიგოლაშვილი
19:01:53     20-12-2014
უკრაინაში დაღუპული გმირი ქართველი ჯარისკაცის, ალეკო გრიგოლაშვილის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. სამინისტრომ გრიგოლაშვილის გარდაცვალების გამო პასუხისგმებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა. თუმცა, თავად გრიგოლაშვილი თვლიდა რომ უკრაინაში, პირველ რიგში, თავის ქვეყანას - საქართველოს იცავდა. სწორედ ასე ფიქრობენ მისი მეგობრები და ოჯახის წევრებიც, რომლებსაც მიაჩნიათ რომ საქართველოსა და უკრაინას ერთი საერთო მტერი ჰყავს - პუტინის რუსეთის სახით.
"თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.