რიოს კარნავალი და ნარკობარონები
10:53:24     07-03-2011
რიო-დე- ჟანეიროში სახელგანთქმული კარნავალი მერმა, ედუარდ პაისმა გახსნა. მან დაფდაფების თანხლებით, ქალაქის სიმბოლური გასაღები “კარნავალის მეფეს” გადასცა. როგორც დასავლური მედიასაშუალებები იტყობინებიან, ბრაზილიის კარნავალზე ამ წელს 700 ათასი ტურისტი ჩავიდა.
ხალხის გართობაზე 400 მუსიკალური ჯგუფი და საცეკვაო კოლექტივი ზრუნავს. კარნავალის მნიშვნელოვანი მოვლენა კი აღლუმი და კოსტუმირებული ბალია. ამ წლის დღესასწაულის ერთერთი სიმბოლო თუთიყუში, სახელად ბლუ გახდა, მულტფილმიდან “რიო.”
როგორც ყოველთვის, ყველაზე სანახაობრივი მაინც სამბას სკოლების აღლუმია, სადაც უმაღლესი ლიგის საუკეთესო კოლექტივები მონაწილეობენ. მათ გამოსვლას მკაცრი ჟიური აფასებს.
წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ წესრიგის გასაკონტროლებლად ტანკებიც კი გამოიყვანა. ცნობილია, რომ 2010 წელს რიო-დე-ჟანეიროში ნაკობარონებმა დიდი არეულობა მოაწყეს: გადაწვეს ტრანსპორტი, თავს დაესხნენ მოქალაქეებს, სროლა აუტეხეს პოლიციას. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კარნავალის დაწყებამდე დამნაშავეები პოლიციამ ქალაქის გარკვეული რაიონებიდან გააძევა.