ალექსანდრე ტაბატაძე 12 კილო ჰეროინის მოპარვის საქმეში ფიგურირებს?
15:27:30     16-12-2014
ჩამოაქვეითეს თუ წულუკიანს მიუჩინეს - რატომ გადაიყვანეს ერთერთი ყველაზე მდიდარი ჩინოვნიკი, ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციაში? ვინ არის სუსის მაღალჩინოსანი, ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და რომელსაც სავარაუდოდ, ციხე-კოლონიებში სიტუაციის დალაგება დაავალეს?
რამდენიმე წლის წინ, სასამართლომ 12 კილო ჰეროინის მოპარვის ფაქტზე, დამნაშავედ სცნო შს სამინისტროს სამი თანამშრომელი. მოსამართლემ განსასჯელების მიმართ უმკაცრესი განაჩენი გამოიტანა - ჩოთალაშვილსა და ქებაძეს 20, ხოლო ბეჟანაშვილს - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მკითხველს ახსოვს რომ „პრესა.ჯი“ ექსკლუზიურად იუწყებოდა ერთი გაუხმაურებელი ნარკო-სკანდალის შესახებ. საქმე ეხებოდა შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობით - 130 კილოგრამი ჰეროინის ამოღების ფაქტს, რომელმაც უცხოელი პარტნიორების ყურადღებაც კი მიიქცია.
იმ დროს, შს მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, წარმატებით ჩატარებული ოპერაციისათვის უცხოელმა პარტნიორებმა მადლობაც კი გადაუხადეს.
თუმცა, საქმე ამით არ დასრულებულა. აღმოჩნდა, რომ ამოღებული 130 კილო ჰეროინიდან 12 კილო მოიპარეს. სკანდალი გასკდა... დაიწყო გამოძიება. საბოლოოდ, პროკურატურამ ბრალი წაუყენა პოლიციის სამ თანამშრომელს.
[I=2]ჯერ კიდევ მაშინ, როცა „პრესა.ჯი“ 12 კილო ჰეროინის მოპარვის შესახებ ექსკლუზიურად წერდა, ვიუწყებოდით რომ საქმეში მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულნი - მაგალითად დავით ბედია და შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ალასანიას პარტიის წევრი, ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც შევარდნაძის დროს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი იყო.
მიუხედავად ამისა, პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ შეკრიბა, რის გამოც ბედიას სამსახურიდან გათავისუფლება, ტაბატაძეს კი შს მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვება აკმარეს.
მოხსნილი ალექსანდრე ტაბატაძე ირაკლი ალასანიას რეკომენდაციით, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შეიფარა და მოადგილედ დანიშნა. ის, დღეს, ჯერ კიდევ წულუკიანის მოადგილეა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ირიბი მტკიცებულებები და ეჭვი მისი ამ ნარკო-სკანდალში მონაწილეობის შესახებ.
მაგალითად, სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვაში, ერთ-ერთმა განსასჯელმა განაცხადა რომ მას გამოძიება ალეკო ტაბატაძისათვის ხელის დადებას სთხოვდა. შესაბამისად, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია რომ 12 კილო ჰეროინის მოპარვის საქმეში ტაბატაძეც გარეული იყო.
„პრესა.ჯი“, მაშინ, 12 კილო ნარკოტიკის მოპარვისთვის მსჯავრდებული პოლიციელის, გიორგი ჩოთალაშვილის ადვოკატს, კობა კობახიძეს ესაუბრა. მან დაგვიდასტურა რომ გიორგი ჩოთალაშვილმა სასამართლოზე წულუკიანის მოადგილის, ალექსანდრე ტაბატაძის გვარი ნამდვილად ახსენა... აი რას ამბობდა ის...
„პრესა.ჯი“: რამდენი პირია დაკავებული?
- დაკავებულია სამი პირი: გიორგი ჩოთალაშვილი, გიორგი ბეჟანაშვილი და ბექა ქებაძე.
- სამივე დაკავებული პოლიციის თანამშრომელია?
- დიახ, სამივე პოლიციელია...
- რა გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ?
- ჩოთალაშვილსა და ქებაძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ბეჟანაშვილს - 18 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.
- ფიგურირებს თუ არა, საქმეში დავით ბედიას გვარი?
- ასეთ გვარს ვერ ვიხსენებ...
- რა განაცხადა ერთ-ერთმა განსასჯელმა სასამართლო პროცესზე ალექსანდრე ტაბატაძის შესახებ?
- გიორგი ჩოთალიშვილმა, საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ მასთან შევიდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, სახელი არ დაუსახელებია და თქვა, რომ საქმეში ხელი უნდა დაედო შს მინისტრის მაშინდელი მოადგილისთვის, ალექსანდრე ტაბატაძისთვის...
- როგორ შეაფასებთ, ზოგადად, აღნიშნულ საქმეს?
- დასკვნით სიტყვაში, ამ საქმეს ვუწოდე „ტყის ზღაპარი“, გამოძიება ამბობს, რომ სწორედ ამ ტყეში იპოვეს კასრი, კასრში ჩანთა, ჩანთაში ნარკოტიკი. გამოძიებას მოწმე ჰყავს ვინმე თაბუკაშვილი, რომელიც ამბობს, რომ თვითონ ჩამარხა ნარკოტიკი, თუმცა ჩვენ გვაქვს აუდიო ჩანაწერი, სადაც ის საპირისპიროს ამბობს. ექპერტიზაც ჩაუტარდა ფირს, ხმა იდენტურია, თუმცა ეს მტკიცებულება სასამართლოზე არ იქნა გათვალისწინებული".
განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. პროკურატურა აცხადებს რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, სამივე განსასჯელის მიმართ კანონიერია და მოსამართლის გადაწყვეტილება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და მოწმეთა ჩვენებებს ეფუძნება.