პაკისტანში, სამხედრო სასწავლებელზე თავდასხმის შედეგად, 126 მოზარდი დაიღუპა
14:45:00     16-12-2014
სამხედრო სასწავლებელზე "თალიბანის" თავდასხმის შედეგად პაკისტანში 126 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ფრანს-პრესი" ავრცელებს.
დაღუპულებს შორის არიან - კურსანტები, მასწავლებლები და დაცვა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილია ასზე მეტი ადამიანი. პოლიციის მონაცემებით, სასწავლებლის სიახლოვეს ისევ მიმდინარეობს სროლა - პოლიციამ ცეცხლი "თალიბანს" გაუხსნა.
16 დეკემბრის დილას, შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფი, პაკისტანის ქალაქ პეშევარში სამხედრო სასწავლებლის შენობაში შეიჭრა და მძევლად დაახლოებით ხუთასამდე ადამიანი აიყვანა. თავდამსხმელებს შორის იყვნენ ტერორისტი-თვითმკვლელები. თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, მათ ჰქონდათ ბრძანება თავდასხმა მხოლოდ უფროსი ასაკის მოსწავლეებზე განეხორციელებინათ და არ შეხებოდნენ ბავშვებს.
პროვინცია, სადაც თავდასხმა მოხდა, პუშტუნებით არის დასახლებული და პაკისტანის ერთ-ერთ უღარიბეს პროვინციად ითვლება. რეგიონის ტერიტორიაზე აქტიურად მოქმედებს "თალიბანი".