რა განაცხადა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა ოქროპირიძემ?

  13:25:55     15-12-2014

ვაკეში მოკლული ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე რამდენიმე თვის წინ, ალექსანდრე ელისაშვილის შუამდგომლობით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა.

მარგველაშვილმა ოქროპირიძეს სასჯელი გაუნახევრა, რის შემდეგაც მას ე.წ „უდო“ შეეხო და საპატიმროდან გათავისუფლდა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გათავისუფლების შემდეგ, გიორგი ოქროპირიძემ კვლავ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

გამოძიების ინფორმაციით, მარგველაშვილის მიერ შეწყალებულმა ოქროპირიძემ, ამჯერად ოჯახის უკანასკნელი წევრი, 24 წლის ლაშა მახარაძე მოკლა.

ბრალდების განცხადებით, ოქროპირიძე ვაკეში, მეგობართან ერთად მანქანით მიუახლოვდა ლაშა მახარაძეს და რამდენჯერმე ესროლა, რის შემდეგაც მიიმალა.

ოქროპირიძე, მახარაძის მკვლელობიდან მალევე დააკავეს.

ის დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს რომ „მოწმეებს ცრუ ჩვენება დააწერინეს. მათ შორის მისი ბავშვობის მეგობარსაც“.

დღეს, განსასჯელის ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს. მათი მტკიცებით, პროცესი მას შემდეგ უნდა ჩატარდეს, რაც განსასჯელის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოქვეყნდება.

თუმცა, მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სასამართლო განხილვა გრძელდება...

„მე ვარ 21 საუკუნის ტყვე“, - განაცხადა გიორგი ოქროპირიძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე და დასძინა რომ მას ბათუმის ციხეში მკაცრად ექცევიან, რათა დანაშაული აღიარებინონ. ოქროპირიძემ ასევე თქვა რომ ის „ქაშუაეთის ეკლესიაში სტიქაროსანი იყო და ლაშა მახარაძე მას არ მოუკლავს“.

"ამ საქმეში ჩემი ხელი საერთოდ არ ურევია", აცხადებს ის.

"რა ვქნა, რომ არ მყავს ისეთი ნათესავი, როგორიც მკვლელს ჰყავს. მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა - ვიჩაგრები იმისთვის, რომ ვიღაცის ნათესავს ხელი დააფარონ", - განაცხადა გიორგი ოქროპირიძემ.

ბრალდების მხარისა და გარდაცვლილის ახლობლების პოზიციით, მახარაძე ოქროპირიძემ მოკლა. მეტიც, მახარაძის ახლობლების მტკიცებით, „რომ არა მარგველაშვილის მიერ ოქროპირიძის შეწყალება, დღეს ლაშა მახარაძე ცოცხალი იქნებოდა“.