რუსული წვრთნები „დარიალის“ პოლიგონზე

  15:07:19     05-03-2011

ჩრდილოეთ ოსეთში, რუსულ სასწავლო ბაზა „დარიალზე“ ამ დღეებში უჩვეულო სამხედრო სესია მიმდინარეობს, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს გაზაფხულის სეზონზე რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხესთან.

 

„დარიალი“ რუსეთში ერთადერთი მაღალმთიანი პოლიგონია, სადაც რუს სამხედროებს საშუალება აქვთ, მთიან რელიეფზე ბრძოლის ხელოვნება აითვისონ. ამასთან, სამხედროებს არამხოლოდ ბრძოლას ასწავლიან, არამედ იმასაც, როგორ შეინიღბონ და როგორ მოეწყონ მოხერხებულად მთაში, როგორ დაანთონ კოცონი და როგორ განალაგონ კარვები.

 

საბრძოლო და საყოფაცხოვრებო ნივთების მომარაგება საღამოდან იწყება, რადგან დილით, მარშრუტზე გასვლის წინ ამის დრო აღარ რჩება. იარაღი, თბილი ტანსაცმელი, წყალი, წერაყინი და სხვა მოწყობილობები – თითოეულ მებრძოლს 25 კილოგრამიანი ეკიპირება ამძიმებს. „ეკიპირებაში შემავალი ყველა ნივთი აუცილებელია, რათა ჯარისკაცი შეეგუოს პირობებს, რომელიც საბრძოლო მოქმედებებთან მაქსიმალურად მიახლოებულია“, – აცხადებს სადაზვერვო დანაყოფის მეთაური, რუსლან შეხმურატოვი.

 

ყველაზე მეტად საყურადღებო ის ფაქტია, რომ სამხედრო სწავლება–სესიაში მონაწილე ჯარისკაცების უმრავლესობა მთაში პირველადაა. პრაქტიკული და თეორიული, ერთკვირიანი მომზადების შემდეგ მათთვის მთავარი გამოცდა არაუს მთის მწვერვალზე ასვლაა.

 

„ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მე უკვე მომზადებული ვარ, რათა ამ მწვერვალზე ავიდე, ისევე როგორც სხვები, ვინც ჩემთან ერთად არიან“, – ამბობს ერთ–ერთი რიგითი.

 

მარშრუტზე გასვლის წინ ყველას სამედიცინო შემოწმება უტარდება. ექიმები  ფიზიკურ დატვირთვამდე და დატვირთვის შემდეგ მიღებულ წნევის მაჩვენებელს აკვირდებიან. თუ მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მებრძოლი მზად არის.

 

რაზმი სამი კილომეტრის სიმაღლეზე უნდა ავიდეს – სწორედ ამ სიმაღლეზე მოიაზრება პირობითი მოწინააღმდეგე. იმისათვის, რომ ალყაში არ მოხვდნენ, ჯარისკაცებს შეუმჩნევლად გადაადგილებას ასწავლიან. ასევე ეუფლებიან ხერხებს, როგორ უნდა გადავიდნენ შენიღბულები შეტევაზე იმ შემთხვევაში, როცა მოწინააღმდეგე მაღლობიდან ცეცხლს გახსნის.

 

ყველა მებრძოლს ევალება, ღამის გასათევის მოიწყოს და ეს  მოახერხოს ნებისმიერი, თვით ყველაზე მკაცრი ამინდის პირობებშიც კი. ამიტომაც კოცონის დანთებისა და კარვის გაშლის ხელოვნებას აქ ზუსტად იმავე დონეზე ასწავლიან, როგორც ბრძოლას.

 

„იარაღთან ერთად ვეხვევით საძილე საბანში და მასთან ერთად ვიძინებთ ისე, თითქოს გოგოს ვეხუტებით“, – ხუმრობენ ჯარისკაცები.

 

სანამ სადაზვერვო დანაყოფი რეიდზე იყო, თოვლის საფარის სიმაღლემ მეტრნახევარს გადააჭარბა, ამიტომაც ბევრს დაშვება უფრო გაუჭირდა, ვიდრე ასვლა. დღე–ღამეში 30 კილომეტრზე მეტის გავლა, უმკაცრესი ამინდის პირობებში – ეს ამ სწავლების ყველაზე მძიმე ნაწილია. „აქ ერთმანეთის მიტოვება დაუშვებელია, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის უნდა ვიყოთ. ამიტომაც, როგორც არ უნდა ვიკინკლაოთ, საბოლოოდ მაინც ერთმანეთს ვეხმარებით“ – ამბობს მზვერავი ჯარისკაცი.

 

როგორც რუსული სამხედრო მანქანის მაღალჩინოსნები ამბობენ, ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ ახალწვეულებიც და ე.წ. კონტრაქტნიკებიც უფრო საფუძვლიან საბრძოლო მომზადებას საჭიროებენ.

 

„სამხრეთის სამხედრო ოლქის ტერიტორიის 40 პროცენტი მოიცავს ძნელად გაუვალ ადგილებს და მთიან რელიეფს, ამიტომაც ჩვენი მზვერავებისთვის ამ პოლიგონზე მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს სამხრეთის სამხედრო ოლქის სადაზვერვო დანაყოფების მომზადების ცენტრის დირექტორი, მიხეილ კოლპაკოვი.

 

ამ პოლიგონზე მომზადება ორთვიანია. ამ ხნის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა უნდა აითვისონ მთიან რელიეფზე დაზვერვითი სამუშაოებისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების ყველა ნიუანსი. რისთვის გამოიყენებს კრემლის სამხედრო მარალჩინოსნობა ამ ქვედანაყოფებს, ძნელი მისახვედრი არ არის. არც ის დაგვავიწყდეს, რომ საუბარია რეგულარული არმიის ( და არა მილიციისა და შინაგანი ჯარის) ქვედანაყოფებზე, ანუ, რუსეთს ეს სწავლებები კავკასიელ ტერორისტებთან და „ბოევიკებთან“ საბრძოლველად ნამდვილად არ სჭირდება.

 

პოლიგონ „დარიალის“ სასწავლო ცენტრი წელიწადის ნებისმიერ მონაკვეთში, შესვენების გარეშე მუშაობს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამჟამად სწავლებაში მონაწილე ჯარისკაცებს სულ მალე შეუერთდებიან საზღვაო ქვეითთა დანაყოფების ჯარისკაცები.

 

http://www.vesti.ru/only_video.html?vid=322885