
ებანოიძე: ლარის კურსი გამყარდება და 1.80 ნიშნულის ფარგლებში იქნება
18:35:11     04-12-2014
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს.
მისი თქმით, ლარის კურსის ცვლილებაზე გავლენას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ განვითარებული მოვლენები ახდენს.
უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, უახლოეს მომავალში, ლარის კურსი გამყარდება და 1.80 ნიშნულის ფარგლებში იქნება.
„ლარის კურსის გამყარების მიზნით, საქართველოში იმპორტის პარალელურად, ექსპორტიც უნდა გაიზარდოს. დღეის მდგომარეობით მიმოქცევაში ბევრი ლარია და შესაბამისი რაოდენობის დოლარი არ არის. ჩემი ვარაუდით, ლარის კურსი იმ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, რაც ორი თვის წინ იყო, მაგრამ ლარის კურსი დაბალანსდება და 1.80 ნიშნულის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ებანოიძემ.
რაც შეეხება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის პოზიციას ის აცხადებს, რომ რა პრობლემებიც აქვს ეკონომიკას, ეს ლარის კურსის ცვლილებაშიც გამოიხატება.
დეპუტატი არ გამორიცხავს საკითხი პარლამენტის განსჯის საგანი გახდეს და დეპუტატებმა პასუხი და არგუმენტები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მოსთხოვონ.
„საქართველოს ეკონომიკის პრობლემები ამ ეტაპზე ლარის კურსის ცვალებადობაში გამოიხატა და ცხადია, მას გარკვეული მკურნალობა სჭირდება. არის როგორც შიდა ასევე საგარეო ფაქტორები. გაცვლითი კურსის ცვლილება ყველა მეზობელ ქვეყანაში ხდება, დოლარი მყარდება, თუმცა რიგი ფაქტორები როგორიცაა ინვესტიციების სიმცირე, ექსპორტის შემცირება და იმპორტის გაზრდა ამაზე დამატებით გავლენას ახდენს. მარტივი მდგომარეობა არ არის, რადგან კურსი რეალურად შეიცვალა, მაგრამ არ მგონია კიდევ შორს წავიდეს – არის პიკის ფარგლებში", - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
კითხვაზე, ახდენს თუ არა გავლენას ლარის გაცვლით კურსზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ონოფრიშვილი განმარტავს, რომ ამაზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ მთავარი ფაქტორი არ არის.
დღეისთვის სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი 1.90-92 ლარის ფარგლებში მერყობს.