როგორ უნდა მოვიქცეთ ლარის კურსის ვარდნის დროს და რა მოხდება ხვალ?

  14:13:54     04-12-2014

 არის თუ არა, ლარის რეკორდულ ნიშნულთან დაკავშირებული პანიკა ხელოვნური? თბილისში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების უმეტესობაში ერთ აშშ დოლარს 1.94 ლარად ყიდულობენ, ხოლო დოლარის გასაყიდი ფასი 1.92-ია.

 სავალუტო ჯიხურების მეპატრონეების ინფორმაციით, დოლარის კურსი ფაქტობრივად, ყოველ საათში იმატებს.

 საზოგადოების დიდი ნაწილი, მიმდინარე პროცესების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან თვლიან, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა მათ ჯიბეზე პირდაპირ აისახება.

 ეკონომიკის ექსპერტების ინფორმაციით, 2010 წლის შემდეგ ეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 ამ ფონზე, ფინანსთა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ოპტიმისტს არ ჰკარგავს. ლარის კურსის ვარდნას ხადური ძირითადად საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს.

 ნოდარ ხადურის განცხადებით,  შექმნილ ვითარებაში ქვეყნის ბიუჯეტი ლარზე არ მოქმედებს.

 თუმცა, „ლარის ძველ ნიშნულთან დაბრუნება გამორიცხულია,“ - ამბობს იგი.

 ხადურის თქმით, გაცვლით კურსზე ბიუჯეტს დაწოლის ეფექტი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დეფიციტი უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.

 მინისტრმა ექსპერტები მოსახლეობაში პანიკის დათესვაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ მათი განცხადებები, როგორც მინიმუმ, არ ემსახურება ლარის სიმყარეს.

 საპარლამენტო უმცირესობაში კი დარწმუნებული არიან რომ მიმდინარე ეკონომიურ პროცესებს ყველაზე მეტად მოსახლეობის გაჭირვებული ფენა იგრძნობს.

 ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სახეზეა ეროვნული ვალუტის გაუფასურება.

 ზურაბ ჯაფარიძე: „ამ ყველაფერს კონკრეტული მიზეზი აქვს. ქვეყნის ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები გვაქვს. ასევე, პრობლემებია უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოსვლის ყველა წყაროსთან მიმართებაში.

 შეინიშნება, უცხოური ინვესტიციების კლებაც. საქართველოში სურსათი და მედიკამენტებიც გაძვირდება, რაც ყველაზე მეტად გაჭირვებულ მოქალაქეებზე აისახება“.

 საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია კი შემდეგია:  „ლარის კურსი ისეთი იქნება, როგორსაც ეკონომიკა განსაზღვრავს“.

 ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშილი ირწმუნენება, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, პრობლემა არ არსებობს.

 „პრესა.ჯი“ ლარის შესაძლო გაუსასურებასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე ეკონომიკის ექსპეტრებს ესაუბრა.

 დემურ გიორხელიძისა და ირაკლი ლექვინაძეს პოზიციები განსხვავებულია. თუმცა, ორივე ექსპერტი თანხმდება, რომ ლარის ახალი რეკორდული მაჩვენებელი დოლართან მიმართებაში ყველაზე მძიმედ იმ მოსახლეობაზე იმოქმედებს, რომლებსაც საბანკო სესხი დოლარში აქვთ აღბული.

 „პრესა.ჯი“ ლარის ნიშნულმა დოლართან მიმართბაში მოხსნა რეკორდი, თუმცა, ფინანსთა მინისტრი პანიკის საფუძველს ვერ ხედავს...

 დემურ გიორხელიძე: ფინანსთა მინისტრი ამ პროცესებში არ არის მთავარი ფიგურანტი. ეს პროცესი გამოწვეულია სუსტი ეკონომიკით. პირველ რიგში, მთავარი დამნაშავე საქართველოს ეროვნული ბანკია, რომელიც თვეების განმავლობაში ძალიან მავნე პოლიტიკას ატარებს.

 ბოლო-ბოლო ის პრობლემები, რომელიც არის დაგროვილი ლარის კურსთან დაკავშირებით, რომელიც უსაშველოდ მაღალია, პირდაპი კავშირშია ეროვნულ ბანკთან, ისევე როგორც  ფულის მასასთან დაკავშირებული პრობლემები, ეკონომიკის განუვითარებლობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები და ა.შ... ამ რამდენიმე ფაქტორის ერთად თანხვედრამ გამოიწვია სწორედ ის, რაც დღეს ხდება.

 - შეძლებს თუ არა ლარის კურსი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს?

 - ლარის კურსი ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება, ლარი ისედაც ზედმეტად გადაფასებული იყო. ლარის კურსი ბუნებრივად უნდა დავიდეს იმ ნიშნულამდე, რომელსაც დღევანდელი სუსტი ეკონომიკა იძლევა. ეს არის 2-2,15 ...

 - რაც შეეხება იმ მოქალაქებს, რომლებსაც საბანკო სესხი დოლარში აქვთ აღბული...

 - ისინი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან, გამოსავალი კი ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებულ მუშაობაში შეძლება იყოს“.

 „პრესა.ჯი“ ასევე გთავაზობთ ირაკლი ლექვინაძის პოზიციას.

 - არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი ლარის კურსთან დაკავშირებით?

 ირაკლი ლექვინაძე: დღეის მდგომარეობით არსებული კურსი ნამდვილად არის აჟიოტაჟის საფუძველი. გეთანხმებით, რომ ბაზარზე გარკვეულწილად პანიკის ნიშნები შეინიშნება.

 თუმცა, რეალურად, არანაირი პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. ის რაც ხდება, არის სრულიად ბუნებრივი პროცესი. ადგილი აქვს რიგი ადამიანების მხრიდან სპეკულაციებსაც. ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია ეროვნული ბანკის მხრიდან. თუ მკვეთრი ზრდა იქნება, ის აცილებლად დააბალანსებს მას.

 - რას უკავშირდება ლარის კურსის ვარდნა?

 - ეს განპირობებულია შიდა და გარე ფაქტორებით. დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

 - მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო სესხი დოლარებში აქვთ აღებული რითი უნდა შეუმსუბუქონ ეს მძიმე დარტყმა?

 - ყველაზე დაზარალებულად ითვლებიან ეს ადამიანები, ვისაც აქვთ შემოსავალი ლარში, ვალდებულება კი აქვთ დოლარში აღებული.

 ჩემი აზრით, გამოსავალი ამ შემთხვევაში სიმშვიდეშია, ეროვნული ბანკის მხრიდან და სამთავრობო უწყებების მხრიდან უნდა მოხდეს პანიკის აღმოფხვრა. მთავრია ახსნან რეალური პროცესი, თუ რა ხდება, უნდა დარწმუნდეს მოსახლეობა რომ არანაირი ხელოვნური პროცესი არ მიმდინარეობს.

 - სამომხმარებლო ბაზარზეც აისახა ლარის აღნიშნული კურსი. ის პირდაპირ შეეხო მოსახლეობის ჯიბეს...

 - ლარის კურსი ზოგადად მოქმედებს პროდუქციის ფასებზე, ეს ყველაფერი განსაკუთრებით ტექნიკაზე აისახა. რაც შეეხება ნავთობს, შაქარს, ამ პროდუქტებზე ფასების ზრდა არ შეინიშნება. პირიქით, მიმდინარეობს მისი კლება. ანუ ინფლაციურ ზეწოლასთან, საქმე, ამ ეტაპზე არ გვაქვს“.