პატრულს დანით 6 ჭრილობა მიაყენეს - დაჭრა თემქაზე
10:02:05     04-12-2014
ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციელის დაჭრა ერთ-ერთ მოქალაქესთან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. პოლიციელი სახლთან ახლოს დაჭრეს. შსს-ში აცხადებენ რომ დაჭრის მომენტში, ის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
პოლიციის თანამშრომელი მე-5 საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია. როგორც "პრესა.ჯი"-ს ქირურგმა მიხეილ გურგენიძემ განუცხადა, მიყენებული ჭრილობები ექიმების დროული ჩარევის გამო, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ აღმოჩნდა.
მისი თქმით, პოლიციელი მიხეილ მაზმიშვილი კლინიკაში გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე მიიყვანეს.
"ამ დროისთვის 35 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, შემოყვანისას მას ბასრი საგნით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული: 4 ჭრილობა მუცლის წინა კედელზე, დანარჩენი ორი ჭრილობა სახისა და ცხვირის მიდამოში.
გაკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, ჭრილობებიდან ორი მუცლის ღრუში შემღწევი იყო, დაზიანებული იყო ღვიძლი და ნაწლავი. პაციენტი სპონტანურ სუნთქვაზე იმყოფება ინტენსიური თერაპიის პალატაში. სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია",- განუცხადა ექიმმა მიხეილ გურგენიძემ "პრესა.ჯი"-ის.
აღსანიშნავია რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა როცა პოლიციელის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს.რამდენიმე დღის წინ, ყვარელში, საკუთარ სახლთან, სანადირო თოფით მოკლეს პოლიციელი. გუშინ კი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს დანით.
პოლიციელის დაჭრის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.