როგორ დავარბილოთ ხორცი - 9 კულინარიული ეშმაკობა

  04:06:14     01-12-2014

ყველაზე კარგი ხორციც კი მოითხოვს ისე მომზადებას, რომ არა მარტო გემრიელი, არამედ ნაზი და წვნიანი გამოვიდეს. მაგრამ თუ მაგარი ნაჭერი ან არც თუ ისე ახალი ხორცი შეგვხვდა, მოგვიწევს გამოვიყენოთ რამდენიმე კულინარიული ეშმაკობა, რომელიც სიტუაციის გამოსწორებაში დაგვეხმარება. თუ არ გაგიმართლათ და მთლად ახალი ხორცი ვერ იყიდეთ, არ იჩქაროთ მისი გადაგდება. არსებობს რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მოვამზადოთ მსგავსი ხორცი ისე, რომ რბილი და წვნიანი გამოვიდეს. ოღონდ აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი ხორცისგან უნაზეს სტეიკს ვერ მიიღებთ, თუმცა, საკითხისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში შეგიძლიათ მოამზადოთ გადასარევი ცხელი ან ღუმელში გამომცხვარი გემრიელი კერძი.

მდოგვი

ნებისმიერი ხორცის საუკეთესო მეგობარია. იგი მას ფანტასტიკურ არომატს და გემოს აძლევს. მდოგვი უნდა წაუსვათ ხორცის დიდ ნაჭერს, დატოვოთ ასე ერთი საათით და შემდეგ გარეცხოთ - ხორცი უფრო გემრიელი გამოვა.
თუ დაბეგვილი ხორცის მომზადებას აპირებთ, მაშინ დაჭერით ნაჭრებად, დაბეგვეთ და ისე წაუსვით მდოგვი.
გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ შეწვით. მდოგვის წასმა გულიაშისთვის გაზადებული ხორცისთვისაც შეიძლება. შეგიძლიათ წაუსვათ დაჭრამდე, ან დაჭრის შემდეგაც, გარეცხოთ ან პირდაპირ მდოგვის მარინადში შეწვათ.

ალკოჰოლი

ჭიქა არაყი, დამატებული ხორცის კერძში, მას უფრო რბილს გახდის. ხარშვისა და შუშვის დროს ალკოჰოლი ორთქლდება და ამიტომ ამ კერძის ჭამა მათაც შეუძლიათ, ვინც საჭესთან ზის.

მარილი

ხორცის ზომიერი და სწორი დამარილება შეიძლება მის დარბილებაში დაგეხმაროთ. პირველ რიგში, მარილი ხორცს კერძის მომზადების დასასრულს, ან პირდაპირ მაგიდაზე მიტანის წინ უნდა მისცეთ. მერე, გაითვალისწინეთ, რომ მარილი კერძს სულ მცირე რაოდენობით ეყოფა. ხორცი თავისთავად ისედაც მარილიანია და ამიტომ 1 კგ-ს სჭირდება მხოლოდ 1 ჩ.კ. მარილი. შეიძლება სულ ცოტა დაუმატოთ, თუ უფრო მარილიანის ჭამა გიყვართ.

მჟავე გარემო

მჟავე გარემო ხორცს კარგად არბილებს. თუმცა, აქაც ჭკვიანურად უნდა იმოქმედოთ. მაგლითად, უმჯობესია ამისთვის ძმარი არ გამოიყენოთ. უკეთესია ლიმონის წვენი, ოღონდ მცირე რაოდენობით. ხორცის დამარინადებისთვის კი გამოიყენეთ გაზიანი მინერალური წყალი.

თუ ხორცის ჩაშუშულს ამზადებთ, მაშინ მისი წვენიც შეგიძლიათ ცოტა შეამჟავოთ. აქაც ლიმონის იმდენივე ულუფა ან ტომატი გამოგადგებათ. ღუმელში მომზადებისას ხორცზე პომიდვრის რგოლები შემოაწყეთ, მაგარ ხორცს ისიც კარგად არბილებს. სხვათა შორის, ხორცის შეწვისას ცხიმში ჩამატებული მცირე რაოდენობით ლიმონის წვენი ასევე არბილებს და უკეთეს გემოს აძლევს მას.

ხახვის წვენი

შემთხვევითი არ არის, რომ მწვადი ხახვის გარეშე არაფერია, მაგრამ მას მცირე რაოდენობით იყენებენ და მრგვლად ჭრიან. ამ შემთხვევაში საჭიროა ხახვი წვრილად დავჭრათ, ან ხორცსაკეპში გავატაროთ, ანდა გავხეხოთ წვრილ სახეხზე, თუმცა, ეს ექსტრემალებისთვის უფროა. საკმარისია წვრილად დაჭრილი ხახვი ხორცის ნაჭერს წავუსვათ და ოროიდ საათით ასე დავტოვოთ. ხახვი წვენს გაუშვებს და სხვა მარინადი არც დაგჭირდებათ. შეგიძლიათ დაუმატოთ წიწაკა და სხვა საკმაზიც, რაც თქვენ მოგწონთ. თუ მაინცადამაინც მრგვლად დაჭრილი ხახვს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ 1 კგ ხორცზე 5 თავი ხახვი დაგჭირდებათ. დაჭერით ალყა-ალყა, შეაზავეთ საკმაზით და მოაყარეთ ხორცს. შეგიძლიათ ცოტა დაპრესოთ, რომ წვენი გამოუვიდეს.

მარილწყალი

მაგარი ხორცი შეიძლება დავალბოთ მარილწყალში, უფრო ზუსტად, მწნილის, მაგ: კომბოსტოს, წვენში. ის ყველაზე კარგად მოქმედებს ხორცზე, რადგან არ არის ისე მლაშე, როგორიც კიტრის მწნილის წვენი.  ამასთან, თუ ალბობთ ხორცის დიდ ნაჭერს, ჯობია დასეროთ რამდენიმე ადგილას, რომ წვენი ხორცს შიგნითაც შეუვიდეს და დაარბილოს.

სახამებელი

მაგარი ხორცი შეგიძლიათ დაალბოთ წყალში, რომელშიც სახამებელია გახსნილი. სასურველია გამოიყენოთ სიმინდის, თუმცა, შეგიძლიათ იხმაროთ ჩვეულებრივ, კარტოფილისაც. თუ თქვენ ხორცის შეწვას აპირებთ, მაშინ დაბრაწული და ხრაშუნა კანი გარანტირებული გაქვთ.

ჩინური მეთოდი

ხორცის დამარინადებას ხშირად სოიოს სოუსში ურჩევენ. ეს მარინადი მას არა მარტო დაარბილებს, არამედ საინტერესოსაც გახდის. სოუსში სასურველია დაუმატოთ სიმინდის სახამებელი და არყის ჭიქით რამე მაგარი ალკოჰოლი. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ მარინადში ხორცი სჯობს მთელი ღამით გააჩეროთ.

რბილად მოხარშული ხორცი

იმისათვის, რომ მიიღოთ ნაზი და რბილად მოხარშული ხორცი, პირველ რიგში იგი უნდა ჩადოთ მდუღარე წყალში, დაუმატოთ ცოტაოდენი შაქარი და ადუღოთ დაბალ ცეცხლზე. მარილი ხარშვის ბოლოს, დამთავრებამდე 20-30 წუთით ადრე უნდა გაუკეთოთ.