ავღანური განძეულის გამოფენა ლონდონში
10:50:02     04-03-2011
ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში, უძველესი ავღანური განძეულის გამოფენა გაიხსნა. გამოფენა სხვადასხვა ეპოქის 200 უნიკალური ექსპონატისაგან შედგება და ძველი, ისლამამდელი ავღანეთის კულტურას და რელიგიას ასახავს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ოქროს სამკაულები, რომელიც დღევანდელი ავღანეთის ჩრდილოეთით აღმოაჩინეს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლით თარიღდება. მნახველებს აქ ასევე შეუძლიათ იხილონ ელინისტური კულტურის ელემენტების მქონე სკულპტურები, რომელიც ჩვენს წალთაღრიცხვამდე პერიოდის ქალაქის, აი–ხანუმის („ქალბატონი მთვარე“) მიდამოებში აღმოაჩინეს.
გამოფენაზე გამოტანილი განძეულობა 1030–70–იან წლებში ჩატარებული ფრანგული და საბჭოთა არქეოლოგიური ექსპედიციების მიერაა მოპოვებული. საგამოფენო დარბაზში რამდენიმე განყოფილებაა. თითოეული მათგანი სავსეა ოქროს და ძვირფასი ქვების სამკაულებით.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გასაშლელი გვირგვინი, რომელიც ოქროს თხელი ფუცლების ხუთი ნაწილისაგან შედგება და აყვავებულ ხეებს ჰგავს. გვირგვინის დეტალები ისეთი მსუბუქი და სიფრიფანაა, რომ ჰაერის მოძრაობისაგან ირხევა, ჩაკეტილ ვიტრინაშიც კი.
გამოფენის დამთვალიერებლებს შეუძლიათ ინფორმაცია ავღანეთის სხვა კულტურულ მემკვიდრეობაზეც მიიღონ, სპეციალურად გახსნილი მაღაზიები კი მნახველებს განუმეორებელ სუვენირებს, ავღანურ ტრადიციულ ტანისამოსს, და ავღანეთის შესახებ წიგნებსა და ალბომებს სთავაზობს.