რა კავშირშია ქველმოქმედებასთან ჯასტინ ბიბერის თმები?

  10:48:28     04-03-2011

17 წლის კანადელი მომღერლის, თინეიჯერების კერპის, ჯასტინ ბიბერის თმის რამდენიმე კულული ონლაინ–აუქციონზე გაიტანეს. როგორც „ასოშეითედ პრესი“ იუწყება, თანხა 40 ათას 668 დოლარამდე ავიდა.

 

პოპ–მომღერლის თმები აუქციონზე ამერიკელმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ელენ დი ჯენერესმა გაიტანა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ახალგაზრდა შემსრულებელმა მსახიობის შოუში მონაწილეობისას, თმის კულულები წარმოადგინა, რომელიც სტილისტთან ვიზიტის შემდეგ შეაგროვა. თმები ბიბერმა წამყვანს საზეიმოდ გადასცა და ავტოგრაფიც მიაყოლა.

 

ვაჭრობა აუქციონზე გვიან საღამოს დასრულდა. კონკრეტულად ვინ იყიდა ბიბერის თმები, არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ ამ აუქციონის შედეგად შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას მოხმარდება, რომელიც მიტოვებულ შინაურ ცხოველებზე ზრუნავს.

 

როგორც ცნობილია, ჯასტინ ბიბერმა მომღერლის კარიერა 2009 წელს დაიწყო. ამ დროისათვის, მას ერთი ალბომი აქვს გამოშვებული, რომელმაც რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ–ის და კანადის ჰიტ–პარადებში პირველი ადგილი დაიკავა.