25 წლის მამაკაცმა 10 წლის გოგონა ბოსელში გააუპატიურა - შემზარავი ფაქტი სოფელ მერისში

  10:49:07     18-11-2014

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში 25 წლის აჩიკო შ.-მ მეზობლის 10 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა ბოსელში გააუპატიურა.

შემთხვევა გუშინ შუადღისას მოხდა, როცა დაზარალებული სახლში ლოგინად ჩავარდნილ ბებიასთან იმყოფებოდა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს სოფლის რწმუნებულმა რამაზ თურმანიძემ განუცხადა, ეჭვმიტანილი დაზარალებულის მეზობელია. მას გოგონას ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

რწმუნებულის ინფორმაციით, არასრულწლოვანს ხშირად უტოვებდნენ დაკავებულს.

დაზარალებული ოჯახის მეზობლები აცხადებენ, რომ დაკავებულა ბავშვი მოტყუებით გაიყვანა სახლიდან და მასზე ბოსელში ძალა იხმარა.

- რა იცით მომხდარის შესახებ?

რამაზ თურმანიძე: ვიცი ის რაც თქვენ, ბავშვზე ძალა იხმარა. შემზარავი ფაქტის დროს ოჯახში გოგონას ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. როგორც ვიცი აჩიკოს (დაკავებული) დაუტოვეს. სახლში ლოგინად ჩავარდნილი ბებიაც იყო, თუმცა გაუპატიურების ფაქტი ბოსელში მოხდა.

- როგორ გაიგეს მშობლებმა მომხდარის შესახებ?

-საღამოს სახლში მისულ მშობლებს ატირებული ბავშვი რომ დახვდათ, ჰკითხეს, რატომ ტირიო, გოგონამ სიმართლე არ დამალა და უთხრა. მაშინვე პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი დააკავეს.

-დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობისაა?

-გონებრივად არა, მას ფეხზე აქვს პრობლემა, გადაადგილება უჭირს. 


-თუ ჩაუტარდა ექსპერტიზა გოგონას? 

-დღეს უნდა წაეყვანათ ექსპერტიზაზე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 138- მუხლის მეოთხე ნაწილის გ ქვეპუნქტის საფუძველზე დააკავეს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.