მოკლეს თუ არა თარხან ბათირაშვილი?

  20:23:16     13-11-2014

ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

კადიროვი საკუთარ გვერდზე სირიაში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის მკვლელობაზე იუწყება.

„ისლამის მტერი, თარხან ბათირაშვილი, რომელიც საკუთარ თავს ომარ ალ-შიშანს უწოდებდა, მოკლულ იქნა. ასე მოუვა ყველას, ვისაც თავში მოუვა დაემუქროს რუს და ჩეჩენ ხალხს. ასე მოუვა ყველას, ვინც მუსლიმების სისხლს დაღვრის. დიდება ალაჰს“,- წერს კადიროვი და ინფორმაციას თან ბათირაშვილის ფოტოებს ურთავს.

„პრესა.ჯი“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას „ჟღალი გენერლის“ სახელით ცნობილი 28 წლის მეომრის ოჯახში ცდილობს, თუმცა ბათირაშვილებთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

სოციალური ქსელის მეშვეობით ომარ ალ-შიშანის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.

ბოლოს ინტერნეტსსივრცეში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია „შაფაქ ნიუსმა“ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს გაავრცელა, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა, რადგან 29 სექტემბერს ომარ ალ-შიშანიმ, იგივე თარხან ბათირაშვილმა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მკვლელობისთვის ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა.

ინფორმაცია ამის შესახებ "კავკაზკი უზელმა" გაავრცელა.

ომარ ალ-შიშანის გარდა, კადიროვი მისი გარემოცვის ლიკვიდაციაზეც აწესებდა ფულად ჯილდოს.

მის მიერ შედგენილი ჩამონათვალი სულ 12 ადამიანისგან შედგებოდა, რომელშიც სათითაოდ იყო მითითებული ფულადი ჯილდო.

„ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთმა ლიდერმა 2 მილიონი დოლარი დააწესა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ადამ დელიმხანოვის ლიკვიდირებისთვის, ხოლო ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელის აფტი ალაუდინოვის მკვლელობისთვის 500 ათასი დოლარი.

რეალურად ვინ არის ქართული არმიის ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც სირიელ მეამბოხეებს თავზარს სცემს და რა გზა გაიარა მან რიგითი ოფიცრობიდან ჯიჰადის ლიდერობამდე?

28 წლის თარხან ბათირაშვილი წარმოშობით პანკისის ხეობიდანაა. თუმცა, ის სირიაში უმარ ალ შაშანის, მეტწილად კი "ჟღალი გენერლის" სახელით არის ცნობილი.

სირიაში გამგზავრებამდე თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და საქართველოს ჯარში მსახურობდა.

28 წლის ომარ ალ შიშანის სახელი უკვე რამდენიმე თვეა ჟღერს სირიის სამხედრო ანგარიშებში.

მისით ინტერესდებიან გავლენიანი გამოცემები. მაგალითად, BBC–ის ინფორმაციით, „წითური გენერლის“ ფსევდონიმით ცნობილი შიშანი დიდი ხანი არაა, რაც „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ჩრდილოეთ სექტორის, ერაყსა და სირიაში მებრძოლი რადიკალი ისლამისტების მეთაურია.

ბათირაშვილი 2008 წელს, აგვისტოს ომში იბრძოდა. რუსეთის ტანკებს თვალყურს ადევნებდა და მათ კოორდინატებს ქართულ საარტილერიო ნაწილებს გადასცემდა.

Wall Street Journal კი წერდა, რომ აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ ბათირაშვილის ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა. მას 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო საავადმყოფოში რამდენიმე თვე გაატარა. როდესაც გამოჯანმრთელდა, სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გამოცემის ცნობით, თარხან ბათირაშვილის მამა თემურ ბათირაშვილი ამ დროისთვისაც სოფელ ბირკიანში ცხოვრობს. მისი თქმით, თარხანი რადიკალური ისლამისგან შორს იყო. რელიგიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ჯარიდან ტუბერკულოზის დიაგნოზის გამო გამოუშვეს, სახელმწიფომ კი თანხა ოპერაციისთვისაც არ გამოუყო.

2010 წელს თარხან ბათირაშვილის სახლში იარაღით სავსე ყუთი უპოვეს და დააპატიმრეს. მან საპყრობილე 2012 წლის დასაწყისში დაპატიმრებიდან 16 თვის შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც საქართველოდან მალევე წავიდა.

2013 წლის ბოლოს ქვეყნიდან წასულმა ბათირაშვილმა ერთ-ერთი ჯიჰადური ვებ გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ციხემ ის შეცვალა.

„მე დავპირდი ღმერთს, რომ თუ ციხიდან თავს ცოცხალი დავაღწევდი, ჯიჰადისთვის ვიბრძოლებდი ღმერთის გამო“ - აცხადებდა ის ინტერვიუში.

Wall Street Journal-ის ცნობით, მიუხედაცად იმისა, რომ ბათირაშვილი სტამბულში მიემგზავრებოდა, მამისთვის ნათელი იყო, რომ ის თავისი სამსახურის შეთავაზებას ისლამისტებისთვის აპირებდა.

„ჩვენს ძალიან ვიჩხუბეთ მისი გადაწვეტილების გამო, მაგრამ კაცს არც სამსახური ჰქონდა და არც პერსპექტივა. ამიტომ არასწორი გზა აირჩია“, - განუცხადა თემურ ბათირაშვილმა ამერიკულ გამოცემას.

ბათირაშვილი 2013 წლის ზაფხულში გამოჩნდა ვებგვერდ www.fisyria.com-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში, სადაც ის იდენტიფიცირებულია როგორც ISIS-ის ახალი მეთაური.

დასავლეთის პრესა მას სირიაში მებრძოლი „ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პარტიზანული დანაყოფის“ მეთაურად მოიხსენიებდა. ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილის რაზმი ექსტრემისტულ ნორმებს აწესებს სირიის იმ არეალებში, რომელთაც ის აკონტროლებს, ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს და აკავებს აქტივისტებს.

ბათირაშვილის სირიაში ჩასვლა, მისი თანამებრძოლის, ემირ უმარ ალ-შიშანის თქმით, უკავშირდება ჩეჩნების და რუსულად მოლაპარაკე ისლამისტების მიერ პირველად გაცხადებულ სურვილს, სირიაში შეერთებოდნენ ჯიჰადის საერთაშორისო გამოძახილს.

Wall Street Journal ახალგაზრდა მეამბოხეებზე დაყრდნობით წერს, რომ ინტეგრირებულ ჯგუფებში რუსულენოვანი ისლამისტების სამხედრო შესაძლებლობებმა და სისასტიკემ ახალგაზრდა ჯიჰადისტებიც შეაშინა. ისინი ერთმანეთს რუსულად ან ჩეჩნურად ესაუბრებიან, ხოლო სხვებს - ყურანის არაბულზე. ზოგიერთმა მათგანმა სირიაში მამულები მოიპოვა, ადგილობრივებიდან გადასახადებს აგროვებს და მათ შარიათის კანონებით მართავს.

ყოფილი კოლეგების ცნობით, ბათირაშვილმა დღემდე არაერთი რელიგიური მრწამსი გამოიცვალა, თუმცა სხვა ჩეჩნების მსგავსად მასაც სურდა ებრძოლა კრემლის წინააღმდეგ, სადაც კი ამის საშუალება მიეცემოდა.

"აშშ-ს დაზვერვა ვარაუდობს, რომ სირიაში მეამბოხეებთან ერთად 17 000 უცხოელი იბრძვის. მათი ნახევარი დაჯგუფება ISIS-ის ფარგლებში ომობს. რუსი ოფიციალური პირების მიხედვით, მათ შორის დაახლოებით 1000 ჩეჩენია ჩრდილოეთ კავკასიიდან ან ევროპიდან. ბევრმა ჩეჩენმა თავშესაფარი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ევროპაში მიიღო", - წერს Wall Street Journal.

გამოცემის ცნობით, ბათირაშვილის შესაძლებლობა, იმუშაოს უცხოელ ჯიჰადისტებთან, როგორც ჩანს მთავარი ფაქტორია მის ISIS-ის შიგნით დაწინაურებაში. ექსპერტების თქმით, ISIS არის მთავარი ქოლგა ჯგუფი სირიაში მებრძოლი უცხოელებისთვის და აერთიანებს საუდის არაბეთელებს, ქუვეითელებს, ეგვიპტელებს და ჩინელებსაც კი.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ISIS შექმნა როგორც ქოლგა ორგანიზაცია ერაყელი ჯიჰადისტებისთვის, რომლებიც ბათირაშვილის ინტერვიუს მიხედვით, სირიის ომს აღიქვამენ არამხოლოდ ასადის რეჟიმის შეცვლის მცდელობად, არამედ ისტორიულ მიზნის - დიდი ისლამური სახელმწიფოს შექმნის - მიღწევის შესაძლებლობად.

Wall Street Journal ბათირაშვილის ყოფილ ხელმძღვანელზე, თოფურიაზე დაყრდნობით წერს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ ბათირაშვილი საქართველოს არმიას შეუერთა, სადაც ის გამოირჩეოდა შეიარაღებისა და რუკების ცოდნით. მოგვიანებით ის მზვერავთა სპეციალურ რაზმში აიყვანეს.

"რუსეთი დიდი ხანია ბრალს დებს ამერიკასა და საქართველოს არმიის უპასუხისმგებლო დაფინანსებისთვის, რომელიც მათი თქმით, საპასუხოდ ისლამისტებს ეხმარება. ქართველები და ამერიკელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

თოფურიას თქმით, ბათირაშვილი ჩვეულებრივი, მეგობრული ჯარისკაცი იყო, ჩვეულებრივად განიხილავდა რელიგიას და თავისი მუსლიმი ოჯახისადმი მადლიერებას გამოხატავდა.

"მისი მამისა და მეთაურის თქმით, ბათირაშვილმა სწრაფად მიაღწია წინსვლას არმიაში და ახალ სადაზვერვო ნაწილში სერჟანტის თანამდებობა მიიღო, სადაც მისი თვიური ხელფასი 700 დოლარს შეადგენდა, რაც იმაზე მეტი იყო, ვიდრე მას ოდესმე უშოვია ცხოვრებაში" - აცხადებს გამოცემა.