„კახეთში მე-8 კლასელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასელი გოგონა გააუპატიურეს“,- გამოძიება დაწყებულია
14:30:00     12-11-2014
გურჯაანიის რაიონ სოფელ ჭანდარის მოსახლეობა რაიონში მომხდარ შემზარავ ფაქტზე საუბრობს. როგორც „პრესა.ჯი“-ს რაიონის საჯაროს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშბელმა უამბო, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მერვე კლასელმა ბიჭებმა მათივე თანასკოლელი 12 წლის გოგონა გააუპატიურეს.
არასრულწლოვნები ერთი სოფლიდან არიან და ერთ სკოლაში სწავლობენ.
„საშინელი ფაქტის შესახებ დაირხა ხმა, ამბობენ რომ 13-14 წლის ბიჭებმა რაიონის მკვიდრი 12 წლის გოგონა მუქარით გააუპატიურეს, შემდეგ ფოტობი გადაუღეს და აშანტაჟებდნენ და ორი თვის მანძილზე მასზე სისტემატიურად ძალადობდნენ. იქნებ ჟურნალისტებმა გაარკვიოთ რამე. შეშინებულები ვართ“,- განუცხადა ჭანდარის საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მშობელმა „პრესა.ჯი“-ს ქალბატონმა.
მისი თქმით, დაზარალებულის ოჯახის წევრები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. გოგონა კი კარგა ხანის სკოლაში არ გამოჩენილა.
აღნიშნული ინფორმაციის გარკვევა „პრესა.ჯი“-მ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში სცადა, სადაც აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციით, პოლიცია საქმის კურსშია და გამოძიება მიმდინარეობს.
„სხვა დეტალები ჩვენთვისაც უცნობია. რაიონში ამაზე ჭორის დონეზე საუბრობენ, საშინელი ფაქტია, იმედია გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს“,- აცხადებენ რესურსცენტრში.
„პრესა.ჯი“ ჭანდარას საჯარო სკოლის დირექტორსაც დაუკავშირდა. რესურსცენტრის ხელმძღვანელობის მსგავსად, სკოლის დირექტორმა მანანა მჭედლიშვილმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ რაიონში მომხდარ ფაქტს სამართალდამცავები სწავლობენ.
„მე გეტყვით, რომ სკოლის ტერიტორიაზე მსგავსი რაღაც არასდროს მომხდარა და არც მოხდება. გარეთ რაც მოხდა ეს მეც ჭორის დონეზე ვიცი, ამიტომ ვერაფერს ვერ დავადასტურებ“,- აღნიშნა დირექტორმა.
რაც შეეხება შს სამინისტროს, უწყებაში „პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
„როგორც კი შეტყობინება შემოვიდა, სამართალდამცავებმა რეაგირება მოახდინეს და გამოძიება დაიწყეს“,- აცხადებენ შს სამინისტროში.
მათი თქმით, გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდა, პასუხები კი უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მოსწავლეებისა და მათი მშობლების გამოკითხვა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა მომხდარს მალავდა. ბოლოს კი ბებიას გაუმხილა მომხდარის შესახებ.