შემოვიდა თუ არა საქართველოში უკრაინიდან გამოძევებული კრიმინალური ავტორიტეტი? რას ამბობს შსს?

  12:57:51     12-11-2014

ე.წ. კანონიერი ქურდი "ლავასოღლი ბატუმსკი", იგივე მინდია გორაძე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოში გამოაძევეს.

უკრაინული მედიის ცნობით, 32 წლის "ლავასოღლი ბათუმსკის“ უკრაინაში ჩასვლა  3 წლით ეკრძალება.

ცნობისთვის, "კანონიერი ქურდი“ „ლავასოღლი ბათუმსკი“ ოქტომბრის ბოლოს კიევის ერთ-ერთ რესტორანში კრიმინალების შეკრებაზე დააკავეს. 

მასთან ერთად, სამართალდამცავებმა ქართველი „კანონიერი ქურდები“ ვარლამ კუხიანიძე – „ვატია“, მინდია გორაძე და სერგო ღლონტი – „გუგა“ აიყვანეს. 

"პრესა.ჯი" დაინტერესდა, შემოვიდა თუ არა საქართველოში უკრაინიდან გამოძევებული კრიმინალური ავტორიტეტი მინდია ლავას ოღლი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 

კითხვაზე გადმოკვეთა თუ არა 11 ნომებრეს საქართველოს საზღვარი  ე.წ. კანონიერი ქურდმა, შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ასე უპასუხა.

"ამ საკითხზე შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული პიროვნება საქართველოში არ იმყოფება",- განუცხადა უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა "პრესა.ჯი"-ს. 

"ლავასოღლის" სახელმა საქართველოში მიმდინარე წლის ივნისშიც გაიჟღერა. მაშინ  „ნაციონალური მოძრაობა“  აცხადებდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოში უპრობლემოდ შემოუშვეს.  

მეტიც, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა შს სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანი  ძებნილი, ე.წ კანონიერი ქურდის "ლავასოღლის" მფარველობაში დაადანაშაულა. 

დეპუტატი ირწმუნებოდა, რომ , 19 ივნისს საქართველოს საზღვრებს, სარფის საბაჟოს მხრიდან მოადგა ავტომანქანით, წარსულში საქართველოში ბანდიტიზმის ბრალდებით ნასამართლევი კრიმინალური ავტორიტეტი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი.

დეპუტატის ინფორმაციით, კანონიერი ქურდი შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ბრძანების საფუძველზე, სარფის საზღვრიდან უპრობლემოდ იქნა შემოშვებული.  

"ვინაიდან ლავას ოღლიზე გამოცხადებულია ძებნა სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით, საზღვარზე მობილიზებული იქნა შსს-ს ოთხი დეპარტამენტის - „სუს“-ის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის დაცვის თანამშრომლები, ლავას ოღლის დაკავების მიზნით,  მაგრამ მათ ბოლო მომენტში მიიღეს ბრძანება, რომ ის უპრობლემოდ შემოსულიყო საქართველოში. 

დეპუტატის ინფორმაციით, 19 ივნისს, 4 საათზე მინდია გორაძე მინდია აბაშიძის სახელით შემოვიდა ბათუმში, სადაც დახვდნენ მას მისი მეგობრები ფაღავა და დევაძე და რამაზ დევაძის BMW-ს მარკის ავტომობილით უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ ბათუმში, მთელი დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს სასტუმრო „გოლდენ პალასში“ ოჯახებთან ერთად იქეიფეს. მეორე დღეს კი, ლავას ოღლიმ საქართველო დატოვა. 

მაშინაც სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის მიერ დასახელებული პირი, მინდია გორაძე ძებნილი არ არის შს სამინისტროს მიერ.

„მინდია გორაძე, ასეთი პიროვნება შს სამინისტროს მიერ ძებნილი არ არის“ - განაცხადა გიორგობიანმა. შს სამინიტროს  პრესსამსახურის ხელმძღვანელისვე თქმით, ღვინიაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ გორაძემ საქართველოს საზღვარი მინდია აბაშიძის სახელით გადმოკვეთა, სიმართლეს არ შეესაბამება.  

„ასეთი სახელითა და გვარით საქართველოს საზღვარი არავის გადმოუკვეთავს“, - განმარტა მან "პრესა.ჯი"-სთან საუბრისას.