რას ამბობენ ველიციხეში "საბის" მკვლელობაზე?

  18:44:43     11-11-2014

თბილისში პეკინის # 14-ში მცხოვრებლები ბექა იგივე საბი ბერიანს არ იცნობდნენ. როგორც "პრესა.ჯი"-ს ერთ-ერთმა მცხოვრებმა უთხრა, ბერიანი მეზობლებთან არ კონტაქტობდა. ახალგაზრდა მათ ყურადღებას სწორედ მისი არატრადიციული ორიენტაციის გამო იქცევდა. 

გარდაცვლილის მეზობელი ამბობს, რომ "საბი" 6 თვეზე მეტია რაც აღნიშნულ მისამართზე მდებარე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. 

სახლში გვიან მოდიოდა და არავის ეკონტაქტებოდა.

"დადიოდა ქალის ტანსაცმლით, მაკიაჟს ატარებდა. სამოსი უბრალო არ იყო, ბრენდებს ატარებდა.თმაც გრძელი ჰქონდა…არავის ეკონტაქტებოდა, ღამე მოდიოდა, დღე მშვიდად გადიოდა",- აცხადებს "საბის" მეზობელი. 

მეზობლებისთვის უცნობია მკვლელობის მიზეზი, თუმცა აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი მსხვერპლს კარგად იცნობდა.

"ალბათ კარგად იცნობდა, რადგან ყელი გამოჭრა ამ საწყალს, სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და ბინის კარები საკეტით გადაკეტა და შეუმჩნევლად გავიდა. სიმართლე გითხრათ მე პირადად ხმაური არ გამიგია",- განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც ამბობს, რომ ეჭვმიტანილმა ხანძარი კვალის ასარევად გააჩინა.

მომხდარზე ამ დრომდე არაფერს ამბობენ შს სამინისტროში. მათი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები საზოგადოებისთვის ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ბექა ბერიანი წარმოშობით ველისციხელია. როგორც ველისციხის მაჟორიტარი დეპუტატი ნათია გიორგაძე ამბობს, ოჯახის წევრებისთვის უცნობია რა ვითარებაში მოხდა 25 წლის ახალგაზრდის მკვლელობა.

" პირადად ვიცნობდი საბის და ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო. ვიცი, რომ სახლი ჰქონდა ნაქირავები პეკინზე. ველისციხეში გაიზარდა. მასთან პირადი მიმოწერაც მქონდა. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სწრაფად გამოიძიებენ ამ საზარელ ფაქტს“,-განაცხადა ნათია გიორგაძემ.

როგორც ბერიანების ახლობელები ამბობენ, შვილის სიკვდილი მშობლებმა ტელევიზიით შეიტყვეს. მათი თქმით, ბექა მშობლიურ სოფელში იშვიათად ჩადიოდა. მას დედა 15 ნოემბერს, დაბადების დღეზე ელოდებოდა.