შსს მძარცვლების მიერ 20 წლის გოგონას წამებას უარყოფს, რა მოხდა იოსებიძეზე?
10:30:50     11-11-2014
"იოსებიძის ქუჩაზე დაუდგენელმა პირებმა სააკიანების ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევის დროს სახლში 20 წლის გოგონა იმყოფებოდა, რომელიც ბოროტმოქმედებმა დააბეს, შემდეგ კი აწამეს",- ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია "პრესა.ჯი"-სთან შს სამინისტროში უარყვეს.
როგორც "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ინფორმაცია, რომ მძარცვლებმა ბინაში შეჭრის შემდეგ, სააკიანების 20 წლის გოგონა აწამეს სიმართლეს არ შეესაბამება.
"მოხდა ძარცვის ფაქტი, შესაბამისად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს. არ ვადასტურებთ ინფორმაციას, თითქოს მძარცველებმა ოჯახის წევრი აწამეს",- აცხადებენ შს სამინისტროში.
"პრესა.ჯი"-ს კითხვაზე ჰყავს, თუ არა გამოძიებას ეჭვმიტანილები უწყებაში არ უპასუხეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოჯახი თავისივე ნათესავებმა გაძარცვეს. ბინიდან წაღებულია 1500 დოლარი.
თანხის წაღება შს სამინისტროში დაადასტურეს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, იოსებიძის ქუჩაზე, წუხელ სააკიანების ოჯახი გაძარცვეს. ყაჩაღობის დროს სახლში 20 წლის გოგონა იმყოფებოდა, რომელიც ბოროტმოქმედებმა დააბეს და აწამეს.
ტელეკომპანია ასევე იუწყება, რომ მეზობლების ინფორმაციით, მძარცველებმა წასვლამდე ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვეს. გოგონას გადარჩენა სახლში მისულმა მშობლებმა შეძლეს.