გადადგება თუ არა, ალასანია?
16:45:02     04-11-2014
ვიდრე ირაკლი ალასანია, გუნდის წევრებთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებს, თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისგან თავს იკავენენ კოლიცია „ქართულ ოცნებაში“.
ალასანია საგანგებო ბრიფინგს პარტიის ოფისში, 18.00 საათზე გამართავს.
მინისტრის პრესსამსახურში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, რა განცხადების გაკეთებას გეგმავს ალასანია. თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ რომ ამდენი კორუფციული სკანდალის შემდეგ, მან პოსტი დატოვოს.
„პრესა.ჯი“ შეცადა „თავისუფალი დემოკრატების წევრებთან დაკავშირებასაც, მაგრამ ყველა მათგანი აცხადებს, რომ განცხადების შინაარსი 18:00 საათზე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი კი, თავდაცვის მაღალჩინოსნებისთვის ბრალის პოლიტიკური ნიშნით წაყენებას კატეგორიულად გამორიცხავს.
„საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას. მესმის არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს მიმართ დამატებითი ბრალდებებია წაყენებული. უნდა დაველოდოთ გამოძიებას, სხვა გზა არ არის. წინასწარი პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ“,- განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილი გუნდის სხვა წევრების მსგავსად, თავდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადების მოლოდინშია.
„კომენტარებს ცივ გონებაზე, ალასანიას ბრიფინგის შეემდეგ გავაკეთებ“,- ამბობს უმრავლესობის დეპუტატი.
ბოლო ინფორმაციით, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ოფისთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. პარტიაში, ალასანიას გუნდის წევრები ჯერ არ მისულან.