ნუ მისწერთ, მირზამ ისედაც იცის...

  12:11:32     02-03-2011

1917 წლის 2 მარტს, დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი მირზა (რევაზ) გელოვანი. მამას გედეონი ერქვა. მომავალი პოეტი დაიბადა სოფელ ნაქალაქარში (ახლანდელი თიანეთის რაიონი).

1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. 1936-1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში. მუშაობდა სხვადასხვა გამოცემებში "ფედერაცია", საბჭოთა აფხაზეთი"). თან თავისუფალ მსმენელად დადიოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1935 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "თეთრი მიწა". მალე გამოქვეყნდა მისი სხვა ლექსებიც: "თუში ქალი წყაროზე", "ფანდური", "ცხრაკარა", ასევე ბალადები: "აონი", შავლეგო", და სხვა.
1939 წელს არმიაში გაიწვიეს.

1941 წელს საბჭოთა კავშირს ომი გამოუცხადა გერმანიამ. სამწუხაროდ, მირზა გელოვანი დაიღუპა ამ ომში დაიღუპა ძალიან ახალგაზრდა. ომის დამთავრებამდე ბევრი აღარ რჩებოდა...
თუმცა, დაგვიტოვა შესანიშნავი ლექსები. მისი ლექსების კრებულები არა ერთგზის გამოიცა.

მირზა გელოვანი დაკრძალულია ბელორუსიაში, ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

მირზა გელოვანის მშვენიერი ლექსები გამოირჩევა სიფაქიზით, ხალისით, განსაკუთრებით სამიჯნურო ლექსები.

ნუ მწერ

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ, ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვს გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, –

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.

მელოდე

მე დავბრუნდები, ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, _
შენი ლამაზი გული მელოდეს.

შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრჭყინვალე ლოდინს.

და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.

გეტყვიან, ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და ტამაშობას,
მშვიდობის შექი ნურც მოგეშვება.

და ქარწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, _
შენი ლამაზი გული მელოდეს.

ო, მაპატიეთ

ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი, ცაზედაც შორი
და როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.