ქუთაისში, 4 ლარის დახარჯვის გამო, მამამ მეორე კლასელი შვილი სასტიკად სცემა

  11:18:31     28-10-2014

ქუთაისის N11 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე, რომელსაც საკუთარი მამა ფიზიკურად გაუსწორდა, მიყენებული დაზიანენებების გამო საავადმყოფოში მოხვდა.

ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრგადამ კლინიკაში გასულ ხუთშაბათს მიიყვანა. 


"პაციენტს სახის არეში ძლიერი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და გაეწერა",- უთხრეს "პრესა.ჯი"-ს საავადმყოფოში.

როგორც ქუთაისის საჯარო სკოლაში ამბობენ, ნაცემი გოგონა გაკვეთილზე მასწავლებელმა შეამჩნია.

"პრესა.ჯი" სკოლის დირექტორ უშანგი ფხაკაძეს ესაუბრა.

პრესა.ჯი: როდის მოხდა აღნიშნული ფაქტი?

-გასულ ხუთშაბათს, მასწავლებელმა ნახა, რომ სახის არეში ბავშვს ძლიერი ჩაქცევები აღენიშნებოდა. ჩამაყენა საქმის კურსში, მე სოციალური სამსახური გამოვიძახე, მათ კი პოლიცია ჩააყენეს საქმის კურსში. 

-რას უკავშირდება მეორე კლასელის ასე სასტიკად ცემა?

- ცემის მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ არასრულწლოვანმა დედის მიერ ბუფეტში სახარჯოდ დატოვებული თანხა, 4 ლარი სწრაფად დახარჯა. მოსწავლის დედა თურქეთში მუშაობს, ბავშვისთვის 4 ლარი დაუტოვებია ბუფეტში გამოიზოგეო. გოგონას ეს თანხა მალე დაუხარჯავს და ამიტომ უცემია.

-ადრეც ხომ არ აღენიშნებოდა თქვენი სკოლის მოსწავლეს ძალადობის კვალი?

-ძალადობის კვალი ძალიან ძლიერად ეტყობოდა ამ ბავშვს, სხვა შემთხვევა თუ იყო, არ ვიცი, არ შეგვიმჩნევია, თორემ მოვახდენდით შესაბამის რეაგირებას.

-თუ იცნობთ მოძალადე მამას, თუ შეხვდით მას?

-არა მე პირადად არ ვიცნობ, არც შემთხვევის შემდეგ გვინახავს. მასთან პოლიცია იყო მისული.

გოგონას მამიდა ნარგიზა ქარქაშაძე აცხადებს, რომ გოგონას მამა ადრეც სცემდა, თუმცა მამიდა განმარტავს, რომ ამგვარად სერიოზულად პირველად სცემა.

"გაღიზიანებული იყო რაღაცაზე ჩემი ძმა და ბავშვი ამიტომ სცემა. ასე სერიოზულად პირველად სცემა," -აცხადებს ნაცემი გოგონას მამიდა.

"პრესა.ჯი" შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 126-ე მუხლის პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წვრის მიერ არასრულწლოვანის ფიზიკურად ცემას გულისხმობს.

შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგა მოძალადე მამის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი სანქციები მკაცრდება. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსის 126/1-ე მუხლი.

მოქმედი კოდექსის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 40-დან 150-საათამდე. კანონში დაგეგმილი ცვლილებები ასეთი ქმედებისათვის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გარდა, სანქციად ერთ წლამდე ვადით პატიმრობას აწესებს.

გარდა ამისა, ცვლილება შედის 126/1-ე მუხლის მეორე ნაწილში, რაც თავის მხრივ დამამძიმებელ გარემოებებს ეხება. კერძოდ, საუბარია იგივე ქმედებაზე, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ;

არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი ან მეტი პირის მიმართ; პირთა ჯგუფის მიერ ან არაერთგზის. მოქმედი კოდექსის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პირი ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 200-საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. მთავრობის კანონპროექტის თანახმად კი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სანქცია 200-დან 400-საათამდე იზრდება, თავისუფლების აღკვეთის ერთი წლის ნაცვლად კი, თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთა განისაზღვრება.