"ინგლისური პოეზიის მამა" – ჯეფრი ჩოსერი

  16:54:04     01-03-2011

1360 წლის 1 მარტს ინგლისის მეფე ედუარდ III-მ ფრანგების ტყვეობიდან 16 ფუნტად გამოისყიდა 19 წლის ჯეფრი ჩოსერი (დიდი ნაწილი ამ თანხიდან, ჯეფრის მამამ გაიღო).  

ჯეფრი ჩოსერი გახდა მეფის კამერდინერი, აბჯრისმტვირთველი, სახელმწიფო მოღვაწე. მაგრამ, მისი მთავარი დამსახურება ისაა, რომ მან დაიწყო წერა, ლექსებისა და მოთხრობებისა, ოღონდ არა ლათინურად, არამედ მშობლიურ, ინგლისურ ენაზე, საფუძველი ჩაუყარა ინგლისურ ლიტერატურას და ინგლისური მხატვრული სიტყვა აიყვანა უმაღლეს დონეზე.  

 

დიდი პოეტი დაიბადა 1340 წელს, ლონდონში. ჯეფრის მამა ღვინით ამარაგებდა სამეფო სასახლეს. ამის გამო ჯეფრი მალე დაიახლოვა სამეფო ოჯახმა და მეფის რძლის, ელისაბედის პაჟად დაინიშნა, რომელიც იყო პრინც ლაიონელის ცოლი.

 

1359 წელს ჯეფრიმ მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და ტყვედ ჩავარდა უფლისწულთან ერთად. ამ დროს უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომი (1337-1453). ინგლისის მეფეს, ედუარდ მესამეს დინასტიური პრეტენზია ჰქონდა საფრანგეთის ტახტზე. ასევე იყო ეკონომიკური ინტერესებიც.

 

ამ დროისათვის ნორმანი დამპყრობლების შთამომავალი არისტოკრატები ჯერ კიდევ მთლად არ იყვნენ ასიმილირებულნი ანგლო-საქსურ მოსახლეობაში. მართალია ომმა ბევრი უბედურება და სისხლი მოუტანა მეომარ მხარეებს. მაგრამ, სამაგიეროდ, ასწლიანმა ომმა ერთიანი ეროვნული ინტერესებიც წარმოაჩინა ინგლისში. საერთო ინტერესებმა ეროვნულ თვითშეგნებას და ერის გაერთიანებას შეუწყო ხელი. დაფასდა ბრძოლაში მონაწილე გლეხობაც, რომლის ზურგზეც გადადიოდა ომის გამო გაზრდილი გადასახადები.

 

მეფემ გამოიხსნა მამაცი ყმაწვილი და თავის კამერდინერად დანიშნა, მერე აბჯრისმტვირთველად. ახალგაზრდა ჩოსერი უკვე კარგად იცნობდა იმ დროისათვის ცნობილ მწერლებს და თავადაც სცდიდა ბედს პოეზიაში, უმღეროდა უცნობ ქალბატონს. იქნებ კონკრეტული პიროვნება არც იყო ის ქალბატონი, არამედ ეპოქის შესაბამისი გატაცებაა ეს...

 

როგორც ჩანს, ჯეფრი სწავლობდა უმაღლეს იურიდიულ სკოლაში. იქ ასწავლიდნენ ვირგილიუსს, დანტეს, ოვიდიუსს და სხვა. შეისწავლიდა შუასაუკუნეების ლათინურ ლიტერატურას, სქოლასტიკას. ყველაზე მეტად, ჩოსერი თანამედროვე ფრანგული პოეზიით ყოფილა გატაცებული.

 

იმ დროის, ინგლისში ლიტერატურა სამენოვანი იყო. საეკლესიო ლიტერატურა ლათინურად იქმნებოდა, სამეფო ოჯახი და არისტოკრატიის დიდი ნაწილი ნორმანების შთამომავლები იყვნენ და ამიტომ ფრანგული ლიტერატურა ბატონობდა მათ წრეში. უბრალო ხალხი ანგლო-საქსურ დიალექტებზე ლაპარაკობდა და ამავე დიალექტებზე იქმნებოდა ხალხური ლიტერატურა, სარაინდო პოეზია, ლირიკა. თუმცა, ამ სამ ლიტერატურას შორის, მიუხედავად ენობრივი და იდეურ-მხატვრული განსხვავებებისა, მაინც იყო რაღაც საერთო, რაც საერთო სახელმწიფომ, ერთად ცხოვრებამ, საერთო ინტერესებმა და დრომ მოიტანა დაახლოებით 1362 წელს იქმნება უილიამ ლენგლენდის ალეგორიულ-დიდაქტიკური, ქალაქური პოეზიის ფორმის "პიერ მხვნელის ხილვანი", რომელიც ითვლება საშუალო ინგლისურ ენაზე შექმნილ პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.

 

ჩოსერი უფრო წინ წავიდა. მან ლონდონური დიალექტი აიღო თავისი შემოქმედების საფუძვლად. ეს დიალექტი სახელმწიფოში, თანდათანობით, იკავებდა კოინეს, საყოველთაო ენის ადგილს. ჩოსერმა დიდი საქმე გააკეთა, ხელი შეუწყო ერთიანი ინგლისური სალიტერატურო ენის ფორმირებას. მის მაგალითს მიბაძეს სხვა მწერლებმაც, რომლებიც ადრე ლათინურად წერდნენ.

 

ჯეფრი ჩოსერმა ძველი სტანდარტები გადალახა, მოახერხა სინთეზი ძველისა, სქემატურისა და ხალხურისა, ცხოვრებისეულისა. გაამდიდრა ინგლისური ლიტერატურა სიცოცხლისა და ადამიანურობის იდეალებით, აღორძინების სულისკვეთებით.

 

1367 წლიდან წყაროებში ჩოსერის სახელი ხშირად გვხვდება. ის კამერდინერია, იღებს ანაზღაურებას და საჩუქრებს მისთვის და მისი ცოლისთვის მეფისგან. მონაწილეობას იღებს დიპლომატიურ მისიებში გენუაში, ასევე ფლორენციაში, მერე ვენეციაში.  

 

იტალიაში მოგზაურობებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პოეტზე. იტალიიდან წამოიღო დანტეს, პეტრარკას და ბოკაჩიოს ნაწარმოებები. ლათინური კარგად იცოდა, შესაძლოა იტალიურ ენას ამ პერიოდში დაეუფლა. იქვე შეიგრძნო აღორძინების პირველი სიო. შეამჩნია ბურჟუაზიული კულტურის ჩასახვა. მან გადაწყვიტა ახალი იდეები დაენერგა თავის სამშობლოშიც.

 

სიყმაწვილეში, საფრანგეთში ტყვეობისას ის უკეთ გაეცნო ტრუბადურების პოეზიას, კურტუაზიულ ლიტერატურას. მან თარგმნა ფრანგული ალეგორიული პოემა "ვარდის რომანი", რომელიც ორ განსხვავებული მიმართულების ავტორს ეკუთვნოდა.  გამოიყენა და გადმოიტანა ფრანგული პოეზიის მუსიკალობა, შეიმუშავა ინგლისური ლექსის რითმა და რიტმი. ის იყო შესანიშნავი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი...

 

ჩოსერი ასრულებდა სხვადასხვა მოვალეობებს, რომელსაც მეფე აკისრებდა. 1379 წლიდან სულ ლონდონში ცხოვრობდა. 1386 წელს აირჩიეს პარლამენტის წევრად კენტის საგრაფოდან. იქ მტრები გამოუჩნდა, ვინაიდან ძველი მეგობრების, მეფისა და ლანკასტერის ჰერცოგის ერთგულებას აგრძელებდა. მალე მეფემ აღიდგინა უფლებები და სამშენებლო საქმეების ხელმძღვანელად დანიშნა დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ამ პერიოდში შექმნა თავისი საუკეთესო ნაწარმოები: "კენტერბერული მოთხრობები". მანამდე მისი შემოქმედება ისედაც ძალიან მდიდარია. მაგრამ ამ ნაწარმოებმა მას უკვდავება მოუტანა.

 

"კენტერბერული მოთხრობები" გმირები სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ნაწარმოებში გადმოცემულია რეალური ცხოვრება სხვადასხვა ფენისა, განსხვავებული ადამიანებისა. დახატულია სხვადასხვა ტემპერამენტისა და ხასიათის პიროვნებები, რომლებიც ერთი მიზნით შეიკრიბნენ – მოსალოცად. ყველა რაიმე ამბავს ყვება...

 

მის ნაწარმოებებში იკვეთება რეალიზმი, იუმორი, ხშირ შემთხვევაში სარკაზმი, და თანაგრძნობაც უბრალო ხალხისადმი.

 

სიცოცხლის ბოლო წლებში მისი ნაწარმოებები უფრო სევდიანია. მას ცხოვრებაშიც უჭირდა, გარემომცველ სამყაროს გაემიჯნა. მერე მეფემ საკმაოდ დიდი პენსია დაუნიშნა.

 

1400 წელს გარდაიცვალა დიდი ინგლისელი ჯეფრი ჩოსერი, "ინგლისური პოეზიის მამა", როგორც მას უწოდეს შემდგომში. ჯეფრი ჩოსერი დააფასეს და დაკრძალეს ვესმინსტერის სააბატოში.

 

დიდება სიცოცხლეშივე ეწვია, მაგრამ მისი სახელი უფრო გაკაშკაშდა დროის გასვლის მერე. მისი ნაწარმოებები სულ უფრო და უფრო იხვეჭდა პოპულარობას. სხვადასხვა მოღვაწეეები დიდ პატივს მიაგებდნენ მის შემოქმედებას და დამსახურებას ინგლისური ენისა თუ ლიტერატურის ჩამოყალიბების საქმეში. 1867 წელს ჩამოყალიბდა "ჩოსერის საზოგადოება", რომლის უმთავრესი მიზანი იყო ჩოსერის ნაწარმოებების კრიტიკულად დადგენილი ტექსტების გამოცემა და პოეტის ბიოგრაფიის შესწავლა.