წითელი ლობიო ტომატით

  02:42:14     23-10-2014

ალბათ არ არსებობს ოჯახი, სადაც ლობიოს მომზადება არ იციან, თუმცა ამ გემრიელ სადილს ყველა თავისებურად ამზადებს. დარწმუნებული ვარ, დამწყები კულინარებისთვის მაინც საინტერესო იქნება ეს რეცეპტი.

რეცეპტის ინგრედიენტები:

        1 კგ. წითელი ლობიო
        2 თავი ხახვი
        3 კბილი ნიორი
        2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
        დაფქვილი წითელი წიწაკა
        დაფქვილი ქონდარი
        2-3 დაფნის ფოთოლი
        ცოცხალი ქინძი, ნიახური, ოხრახუში და კამა (კამა უმჯობესია ცოცხალი)
        1-2 ღერი პრასი
        მარილი

~ მომზადების წესი ~

1. ლობიო ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. პირველი წყალი გადავღვაროთ. დავასხათ ახალი და დავაცადოთ მოხარშვა.

2. როდესაც ლობიო მოიხარშება, კარგად ამოვლესოთ (ამოვზილოთ) თავისსავე წყალში. თუ გვინდა, რომ სქელი გამოვიდეს, ცოტა წყალი გადავუღვაროთ. თუ არა მაშინ დავტოვოთ ისე, როგორც არის.

3. ზეთიან ტაფაში კარგად მოვშუშოთ ხახვი და დავამატოთ ტომატ პასტა. ამოვურიოთ და ვუქნათ ლობიოს.

4. დავამატოთ ლობიოს დაფქული წიწაკა და ქონდარი. ჩავაჭყლიტოთ ნიორი. ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი და ჩავაჭრათ ქინძი, ნიახური, ოხრახუში, კამა და პრასი. 5 წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე.

5. შემდეგ დავამატოთ მარილი და ჩვენი გემრიელი ლობიოც მზად არის. გემრიელად მიირთვით!