მუამარ კადაფი ხელოვანის “შთაგონების წყარო” გახდა

  11:21:57     01-03-2011

ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის გამოსვლის მიხედვით შექმნილი რემიქსი, სახელწოდებით “ზენგა ზენგა სონგ,” საიტ “იუთუბზე” მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. ამ ინფორმაციას “ნიუ იორკ თაიმსი” ავრცელებს.

კომპოზიციის ავტორი, 31 წლის ებრაელი ჟურნალისტი და მუსიკოსი ნოემ ალოშეა. ალოშეს თქმით, ამ მუსიკალური ნაწარმოების შექმნისაკენ მას კადაფის ჟესტიკულაციამ და გამოსვლის ტექსტის “მუსიკალურობამ” უბიძგა.

თავისი კლიპის გასაპიარებლად ალოშემ აქტიურად გამოიყენა სოციალური ქსელები - “ტვიტერი” და “ფეისბუქი.” “იუთუბზე” კი ვიდეო მოკლე ხანში ძალიან პოპულარული გახდა.

ლიბიის ოპოზიციამ, სიმღერა უკვე გამოაცხადა თავის არაოფიციალურ ჰიმნად. მუსიკოსის სიტყვებით, ლიბიელი ოპოზიციონერები დაპირდნენ, რომ “ზენგა ზენგას” მოტივებზე მოედნებზე იცეკვებენ, როცა კადაფის რეჟიმი საბოლოოდ წავა.

მუამარ კადაფის უცნაური გამოსვლა, რომელსაც “ზენგა ზენგა სონგ” “დაეყრდნო,” სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, 2011 წლის 22 თებერვალს შედგა. პრეზიდენტის მიმართვის დედააზრი იყო ის, რომ იგი პოსტიდან წასვლას არ აპირებს და მზადაა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს, სახლიდან სახლამდე, შესახვევიდან შესახვევამდე. ეს სიტყვა, “შესახვევი” გამოითქმის სწორედ, როგორც “ზენგა,” რაც სიმღერის სათაურს და ტექსტს დაედო საფუძვლად.