მოკლული ტაქსის მძღოლის ახლობლები ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ (ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან)

  14:45:46     16-10-2014

უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია დარჩელში, სადაც გუშინ 35 წლის ტაქსი მძღოლი გოდერძი შამუგია მოკლეს.

გარდაცვლილის ახლობლებმა და ნათესავებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და მკვლელის ლინჩის წესით გასამართლება მოითხოვეს.

„ეს უნდა დაისაჯოს სათანადოდ, უნდა მოკვდეს, რომ სხვამ იგივე აღარ გააკეთოს, ეს უნდა იყო მაგალითი ყველასთვის. რომ გაუშვეს ორჯერ ნასამართლევი ამნისტიით, რა გარანტიაა რომ ჩემ შვილსაც არ მოკლავს. უნდა გასამართლდეს ლინჩის წესით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციამდე ჭისისუფლებმა ეჭვმიტანილის სახლის დაწვა სცადეს. პოლიციამ ადგილზე შეკრებილებს სახლისთვის ბენზინის გადასხმის საშუალება არ მისცა.

ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები კი სოფელს გაარიდეს.

გარდაცლილის ახლობლები იმუქრებიან რომ თუ ეჭვმიტანილი პოლიციაზე ადრე იპოვეს მას სიკვდილით საჯაროდ დასჯიან. მის ოჯახს კი დარჩელში არ გააჩერებენ.

სოფელ დარჩელში 35 წლამდე მამაკაცს ადგილობრივმა მ.შ-მ ცივი იარაღით 6 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მეზობელი სოფლიდან იყო და დარჩელში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სოფელში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილსა და ტაქსის მძღოლს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მ.შ-მ გარდაცვლილს კუთვნილი თანხა არ გადაუხადა.

დარჩელში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც მძღოლი მოკლა და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად.
გამოძიება მომხდარის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე შს სამინისტროში არ ავრცელებენ ინფორმაციას ეჭვმიტანილის ნასამართლეობაზე.

ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, მ.შ-მ ციხე ამნისტიის შედეგად დატოვა. რასაც „პრესა.ჯი“-სთან ეჭვმიტანილის მეზობლები არ ადასტურებენ.

მათი თქმით, ამნისტირებული არა მ.შ-ა, არამედ მისი ძმაა.