რეალიგიური სოლიდარობა თუ ფინანსური დაინტერესება, - რატომ მიდიან ქისტები შორეულ სირიაში საბრძოლველად?

  18:31:40     15-10-2014

რატომ მიდიან ქისტები სირიაში საომრად? - ეს თემა აქტუალურობას არ კარგავს. საკითხი მას შემდე გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ სირიის ქალაქ კობანის შტურმის დროს 22 წლის პანკისელი გურამ გუმაშვილი დაიღუპა.

გუმაშვილი არ არის ერთადერთი პანკისელი ვინც სირიაში შეტაკებისას დაიღუპა. გარდაცვლილთა შორისაა 18 წლის ბესო კუშტანაშვილიც, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრია. 

მიმდინარე წლის თებერვალში, სირიაში, ქალაქ ალეპოში საბრძოლო შეტაკებების დროს ქისტი საველე მეთაური, 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა. ის პანკისის ხეობის სოფელ დუისიდან იყო.

მაჩალიკაშვილი საქართველოდან 2000 წელს თურქეთში წავიდა, რამდენიმე წელიწადში კი სირიაში გადავიდა საბრძოლველად.

2013 წლის ოქტომბერში სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის თავისუფალ არმიას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, დაიღუპა 24 წლის ხალიდ აჭიშვილი. გარდაცვლილი ბოლო წლებში პანკისის ხეობიდან თავშესაფრის მოთხოვნით ავსტრიაში წავიდა, სადაც იქაური მოქალაქეობა მიიღო.

გასულ წელს სირიაში სამთავრობო ძალებთან შეტაკების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი მებრძოლი პანკისიდან, აბდულ-მალიქ მუთოშვილი.

სირიაში დაიღუპა ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის შვილი, 23 წლის რუსტამ გელაევიც. გარდაცვილი საქართველოში გადმოასვენეს და პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს.

2013 წლის ივლისში სირიაში შეტაკებების დროს პანკისელი მებრძოლი, 26 წლის აბუ აბდულლაჰი სასიკვდილოდ დაიჭრა

გარდაცვალებამდე აბდულლაჰმა გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, სადაც ყველა მუსლიმს მოუწოდებდა ჩართულიყო ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. მისი განცხადებით, მუსლიმებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, ვიდრე ოდესმე.

აბდულლაჰი აცხადებდა, რომ ყველა მუსლიმის ვალია ამ ომში მონაწილეობა, რადგან სირიის ამჟამინდელი მთავრობა უმოწყალოდ ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, უმეტესად ქალებსა და ბავშვებს. ხალიდ აჭიშვილი და აბუ აბდულლაჰი ძმები იყვნენ.

„კავკასიელი ქალების კონგრესის" ხელმძღვანელი მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ პანკისელების დიდი ნაწილი ადგილობრივი ახალგაზრდობის შორეულ ომში მონაწილეობის წინააღმდეგია, მაგრამ ვაჰაბიტები მაინც ახერხებენ ზოგიერთი ახალგაზრდის გადაბირებას.

ხანგოშვილი არ გამორიცხავს, რომ სირიაში საომრად წასული ქისტების რაოდენობა ასს აღემატება.

„ისინი ჯერ თურქეთში ვითომდა სამუშაოდ მიდიან, შემდეგ კი ვაჰაბიტებს სირიაში გადაჰყავთ საომრად“,- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. უმრავლესობა აღიარებს რომ პრობლემა აქტუალურია.

„ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ პანკისში არსებული ვითარება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იქაურები ჯერ ლეგალურად მიდიან თურქეთში, იქიდან კი სირიაში გადადიან და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი „პრესა.ჯი“-სთან იმ სამ მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც პანკისელი ახალგაზრდები შორეულ სირიაში ბრძოლას თანხმდებიან. 

ზაალ კასრელიშვილი: პირველი არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, უპერსპექტივობა, გაურკველი მომავალი. მეორე არის კარგი ანაზღაურება და მესამე რელიგიური მოტივაცია, რომელიც სერიოზული საფუძველია იმისთვის რომ ადამიანმა თავი გაწიროს. ეს ახალგაზრდები აკეთბენ იმას, რაც გამართლებულია მორალურად და კარგია ეკონომიკურად.

კასრელიშვილი ამბობს, რომ არსებული ხელისუფლება მისი წინამორბედის მსგად პანკისის ხეობას უყურადღებოდ ტოვებს.

„უნდა მოხდეს მთიანი რეგიონების განვითარება. ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას რეგიონში. მთის მოსახლეობა გაზრდილ პენსიას უნდა იღებდეს და მძიმე პირობების გათვალისწინებით მოსახლეობა ფულადი კომპენსაციებითაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. აუცილებელია მოსახლების განათლება და მათი დასაქმების უზრუნველყოფა“,- განაცხადა კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელმა.